ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია არა სიღარიბის დაძლევა, არა უმუშევრობის შემცირება, ეკონომიკური წინსვლა, უსაფრთხოების დაცვა, არამედ ივანიშვილის ძალაუფლების გახანგრძლივება, - ამის შესახებ ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
ოთარ კახიძემ საკუთარ გამოსვლაში გასული წლის საპრეზიდენტო მოხსენების შემდგომ ქვეყანაში მართლმსაჯულების სფეროში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა, ამ კონტექსტში მან ივანე მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება დაასახელა. მისივე თქმით, მერაბიშვილის პატიმრობა ემსახურებოდა პოლიტიკურ მიზანს და პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით მერაბიშვილის პატიმრობას საფუძვლად ედო ხელისუფლების შეფარული დღის წესრიგი.
„ისმის რიტორიკული კითხვა, თუ საქართველოს პროკურატურას აქვს მტკიცებულებები პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, რატომ ვერ ახერხებს ევროპული სასამართლოების, ინტერპოლის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დარწმუნებას საკუთარ სიმართლეში. პოლიტიკური მოწინააღმდეგეების შესავიწროვებლად ივანიშვილის ხელისუფლება იყენებს არა მხოლოდ პროკურატურას და სახელმწიფო უსაფრთხოების სასამხურს, არამედ მოძალადე ზოდერდაჯგუფებს, რომლებიც პერმანენტულად ესხმოდნენ თავს პოლიტიკურ ოპონენტებს“, - განაცხადა კახიძემ და დასძინა, რომ კორცხელში მომხადარ ინციდენტთან დაკავშირებით არც ერთი პირი არ დასჯილა.
ოთარ კახიძის განცხადებით, სამწუხაროდ, ქართული მართლმსაჯულება დუმს, როდესაც საქმე ეხება ხელისუფლებას, „ამას ეწირება კანონის უზენაესობა და სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი კერძოდ, პოლიციისადმი, პროკურატურისადმი ნდობა“.
ოთარ კახიძემ აღნიშნა, რომ ძალადობის წახალისებამ და პოლიციის ინსტიტუტის დაკნინებამ გამიწვია 11-12 მარტს ბათუმში განვითარებული მოვლენები.
„გასული წელი მნიშვნელოვანი იყო იმ ერთადერთი ქმედითი სახელმწიფო ინსტიტუტის დაკნინების კუთხით, როგორიც იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. სასამართლო, რომელიც რეალურად აბალანსებდა ხელისუფლებას და ზღუდავდა სახელმწიფო თვითნებობას“, - განაცხადა ოთარ კახიძემ და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული არა ერთ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.
როგორც ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა საკუთარ გამოსვლაში სტრასბურგის სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-თან მიმართებაში გამოტანილ გადაწყვეტილებაზეც გაამახვილა ყურადღება.
„ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია არა სიღარიბის დაძლევა, არა უმუშევრობის შემცირება, ეკონომიკური წინსვლა, უსაფრთხოების დაცვა, არამედ ერთადერთი მიზანი, რაც მას ამოძრავებს, არის ივანიშვილის ძალაუფლების გახანგრძლივება. „ევროპული საქართველოს“ ამოცანა არის ქვეყნის წინსვლა, განვითარება, რასაც აუცილებლად გავაკეთებთ მაშინ, როდესაც მშვიდობიანად, კონსტიტუციის გზით შევცვლით თქვენს ხელისუფლებას“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.