პრეზიდენტის გამოსვლა უსამართლო და დამაზიანებელი იყო ქვეყნისთვის, - ამის შესახებ განცხადება დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
მისივე თქმით, მოლოდინმა გაამართა, რადგან არანაირი მოლოდინი არ ჰქონია.
„რაღაცნაირად წინასწარ იქმნება ხოლმე კოსმიური მოლოდინი, რომ რაღაც ხდება. ამ დროს, ბუნებრივია, ვერაფერი ვერ მოხდება იმიტომ, რომ პრეზიდენტი არ არის ხელისუფლების ხელმძღვანელი. პრეზიდენტი ვერ ილაპარაკებს პოლიტიკაზე, რომელიც მან გაატარა. ვერ ილაპარაკებს იმ პოლიტიკაზე. რომელსაც გაატარებს, ვერც საშინაოზე და ვერც საგარეოზე. ვერ ისაუბრებს ეკონომიკაზე და ვერც სასამართლოზე. მას შეუძლია მოსაზრებები გამოთქვას იმ საკითხებზე, რომელსაც მიიჩნევს მნიშვნელოვნად.
მისი ძალიან ბევრი შეფასება არამხოლოდ არასწორი და უსამართლო, არამედ დამაზიანებელიც იყო. როდესაც ის საუბრობდა, რომ სასამართლო არის კრიზისში, ეს ასე არ არის - სასამართლო დღეს კრიზისში არ არის. იდეალური სასამართლო მსოფლიოში არ არსებობს და მათ შორის ქართულ სასამართლოსაც ბევრი აკლია იდეალურობამდე, თუმცა, სასამართლო დღეს ბევრად უფრო დამოუკიდებელია, ვიდრე ოდესმე. სასამართლო დღეს არის ბევრად უფრო ობიექტური და სამართლიანი. ამის მაგალითია ის, რომ 80%-ით იკლო ევრო სასამართლოში საქართველოდან საჩივრებმა. საქართველო დღეს ამ პარამეტრით ისეთ ქვეყანას უტოლდება, როგორიცაა ნორვეგია,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.