მოსახლეობას სურს, იცხოვროს ევროპულ სახელმწიფოში და არ იცხოვროს ივანიშვილის ბაღში, - ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ნიკა მელიამ პარლამენტში პრეზიდენტის წლიური ანგარიშით გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
როგორც მელიამ აღნიშნა, ქვეყანას რეალურად არ ყავს მთავრობა და ქვეყანაში არსებობს ერთპიროვნული, ოლიგარქიული მმართველობა.
”მისალმება რომც გინდოდეს მთავრობის მიმართ, უბრალოდ ისინი აქ არ არიან. ესეც ნათლად წარმოაჩენს დამოკიდებულებას ე.წ. მთავრობის გუნდის ზოგადად პარლამენტის, პრეზიდენტის ინსტიტუტის და პრეზიდენტის მიმართ.
სად ვართ კოლეგებო, რას ვშვებით? რა ქვეყანაში ვცხოვრობთ, როგორ სახელმწიფოს ვაშენებთ, როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრებას? ეს კითხვები და კითხვა - ”გვეშველება რამე”? ძალიან ხშირად ისმის უკვე საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში.
ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ამ ქვეყანას ყავს არაფორმალური, ოლიგარქიული მმართველი, რომელიც ანადგურებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, მათ შორის პრეზიდენტის ინსტიტუტს, ფეხქვეშ თელავს კონსტიტუციას, თავიდან ბოლომდე ცდილობს დაიმორჩილოს მედია და ეს არის უკვე ნორმა”, - განაცხადა დეპუტატმა.
როგორც მელიამ აღნიშნა, ყველაფერი, რაც ქვეყანაში ხდება, ხდება ივანიშვილის სურვილის მიხედვით, მაგრამ ხალხი სულ სხვა რამეს ფიქრობს.
”მოსახლეობას სურს იცხოვროს ევროპულ სახელმწიფოში და არ იცხოვროს ივანიშვილის ბაღში. მინისტრები რომ აქ იყვნენ, მათგან განსხვავებით მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ სურს ივანიშვილს ბაღში ცხოვრება, კალაძისგან და კვირიკაშვილისგან განსხვავებით.
რამდენჯერაც ამ ტრიბუნაზე ამოვალ შეგახსენებთ - არ ასახავს რეალობას ის სურათი, რომელიც არის ამ პარლამენტში, არც არც სახელისუფლებო გუნდის და არც ოპოზიციის გუნდის ჭრილში. დიახ, თქვენი რაოდენობა არ ასახავს ადამიანების განწყობას”, - განაცხადა მელიამ.
მან ხელისუფლებას მოუწოდა, ”თავს ძალა დაატანონ” და მოსახლეობას და ოპოზიციას მოუსმინონ.