თუ საპატრიარქო დამავალებს, რომ შევიდე მამა გიორგისთან და ვაზიარო, შევალ და ვაზიარებ

თუ საპატრიარქო დამავალებს, რომ შევიდე მამა გიორგისთან და ვაზიარო, შევალ და ვაზიარებ

მამა კახაბერ გოგოტიშვილის ინფორმაციით, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ციხეში მისი შესვლა იმის გამო მოითხოვა, რომ თბილისში მხოლოდ ორ მღვდელს, მას და მამა რევაზს იცნობს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” მამა კახაბერ გოგოტიშვილმა განუცხადა, მას უკვე დაუკავშირდა საპატრიარქოს მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი და აცნობა, რომ მამა გიორგი მამალაძემ ზიარების მიღების მიზნით, მასთან ორი სასულიერო პირის შესვლა ითხოვა.

”როგორც დამავალებენ საპატრიარქოდან, ისე მოვიქცევი და გავაკეთებ. თუ მეტყვიან, შედი და აზიარე, შევალ და ვაზიარებ. ლოცვა-კურთხევის გარეშე, ჩემით როგორ ვიმოქმედებ?! მამა გიორგი ორ მღვდელს გვიცნობს თბილისში - მე და მამა რევაზს. ის მსახურობდა აჭარის ეპარქიაში და ასეთი რამ ითხოვა: ან იქიდან თუ გამოგზავნის ვინმეს მეუფე და მაზაიარებს ან თბილისში ვიცნობ მხოლოდ ორ მღვდელს, მამა კახაბერს, როგორც საპატრიარქოს თანამშრომელს და მამა რევაზს. ამ კუთხით ითხოვა ჩვენი შესვლა, რომ მასთან გვაკავშირებს ნაცნობობა”, - განაცხადა მამა კახაბერ გოგოტიშვილმა.

მისივე თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძის მოთხოვნას საპატრიარქოს მამა გიორგი თევდორაშვილი გააცნობს, რის შემდეგაც მიღებული იქნება გადაწყვეტილება, შევა თუ არა დასახელებული ორი სასულიერო პირიდან რომელიმე მამა გიორგი მამალაძის საზიარებლად ციხეში.