რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მას არ აქვს ინფორმაცია აშშ-ის მიერ სირიაში ავიაბაზაზე საჰაერო დარტყმის შედეგად რუს სამხედროებს შორის მსხვერპლის შესახებ.
„რაც შეეხება აშშ-ის მიერ სირიაში ავიაბაზაზე საჰაერო დარტყმის შედეგად
რუს სამხედროებს შორის მსხვერპლს, მე ამის შესახებ არაფერი ვიცი. როგორც ჩანს, მსგავს რამეს ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ აშშ-ის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმები მოგონილი საბაბით განხორციელებულ აგრესიის აქტს წარმოადგენს.
„ეს აგრესიის აქტია, განხორციელებული აბსოლუტურად მოგონილი საბაბით. 2003 წლის სიტუაციას ჰგავს, როდესაც აშშ და დიდი ბრიტანეთი თავიანთ მოკავშირეებთან ერთად ერაყში შეიჭრნენ“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, რუსეთი შეეცდება სიმართლე დაადგინოს იმის თაობაზე თუ როგორ იქნა მიღებული გადაწყვეტილება საჰაერო დარტყმების განხორციელების შესახებ.
„არ ვიცი როდის მოგვიწევს სიმართლის გაგება თუ როგორ იქნა მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება, მაგრამ საჭიროა სიმართლე მოვითხოვოთ და ჩვენ ამას გავაკეთებთ“, - დასძინა სერგეი ლავროვმა.