რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აშშ-ის მიერ სირიაში შაირათის ავიაბაზაზე განხორციელებულ დარტყმას გამოეხმაურა.
„აშშ-მ ვერ შეძლო რაიმე ფაქტის მოყვანა, რაც დაადასტურებდა იდლიბში ქიმიური იარაღის გამოყენებას“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა ტაშკენტში დსთ-ს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, აშშ-ის მიერ ეს ოპერაცია იდლიბის ინციდენტამდე იყო დაგეგმილი.
„ცხადია, რომ აშშ-ის ეს ოპერაცია წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი. ნებისმიერი სპეციალისტისთვის აშკარაა, რომ ვაშინგტონმა საჰაერო დარტყმების შესახებ გადაწყვეტილება იდლიბში მომხდარ მოვლენამდე მიიღო. ხოლო იდლიბის ინციდენტი საბაბად გამოიყენეს ძალის დემონსტრირების მიზნით“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ლავროვის თქმით, „საჰაერო დარტყმების განხორციელება მხოლოდ იმათ აწყობს, ვისაც ასტანაში და ჟენევში მოლაპარაკებების პროცესის ჩაშლა და სირიში ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა სურთ“.