”მოსმენების კანონთან” დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს ე.წ. სასამართლოს მეგობრის სტატუსით მიმართავს.
როგორც პრეზიდენტმა პარლამენტში, ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა, ის საქართველოს მოქალაქეების სარჩელს მხარს უჭერს.
”ჩვენი მოქალაქეების, ყველა თქვენთაგანის, თქვენი თავისუფლებისათვის, კანონზე, რომელმაც ბოლო დროს ყველაზე მეტი ღელვა გამოიწვია, საზოგადოების აქტიურობიდან და ერთიანი სულისკვეთებიდან გამომდინარე, გადავწყვიტე, ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით მხარი დავუჭირო მოქალაქეების სარჩელს და მივმართო საკონსტიტუციო სასამართლოს განსხვავებული სტატუსით - სასამართლოს მეგობრის სტატუსით, რაც შესაძლებლობას მომცემს, დავეხმარო სასამართლოს უკეთესი გადაწყვეტილების მიღებაში”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
კამპანია ”ეს შენ გეხებას” ფარგლებში, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში მოქალაქეებმა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით სარჩელები მოამზადეს. სარჩელების ძირითადი ნაწილი კანონის იმ ნაწილს ეხება, რომლითაც ოპერატიულ ტექნიკური სააგენტო ისევ სუს-ის დაქვემდებარებაში რჩება.