რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის მიერ სირიაში შაირათის ავიაბაზაზე განხორციელებულ საჰაერო დარტყმებს განცხადებით გამოეხმაურა.
რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ „აშშ-მ ძალის დემონსტრირება გადაწყვიტა იმ სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც საერთაშორისო ტერორიზმს ებრძვის“.
„პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც აშშ ასე უგუნურად იქცევა. ეს კიდევ უფრო ამძაფრებს მსოფლიოში არსებულ პრობლემებს და საფრთხეს უქმნის საერთაშორისო უსაფრთხოებას. სირიის ტერიტორიაზე აშშ-ის და სხვა ქვეყნების სამხედროების ყოფნა სირიის მთავრობის თანხმობის ან გაერო-ს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების გარეშე საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა. თუ ადრე ამის ახსნა-განმარტება ტერორიზმთან ბრძოლის საჭიროებით ხდებოდა, ახლა სახეზეა სუვერენული სირიის წინააღმდეგ აგრესიის აშკარა აქტი. აშშ-ის მიერ გადადგმული ნაბიჯი კიდევ უფრო ანადგურებს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებს“, - აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
რუსეთის დიპლომატიური უწყება ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „ოფიციალური მოსკოვი არასოდეს დაეთანხმება სირიის კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ განხორციელებულ არალეგიტიმურ ქმედებებს“.
„ამერიკულ მხარეს შეუძლებელია არ ესმოდეს, რომ იდლიბის პროვინციაში ქიმიური იარაღი სირიის სამთავრობო ძალებს არ გამოუყენებიათ. დამასკოს ქიმიური იარაღი უბრალოდ არ აქვს. ეს დადასტურებული იყო კვალიფიციური სპეციალისტების მიერ. შესაბამისი დასკვნა ”ქიმიური იარაღის აკრძალვის” ორგანიზაციამ გააკეთა. ბოლო წლების განმავლობაში ამ ორგანიზაციამ ყველა ის ობიექტი შეამოწმა, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ ან შეიძლება ჰქონოდათ სირიის სამხედრო-ქიმიურ პროგრამასთან“, - აღნიშნულია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „რუსეთი ინციდენტების პრევენციისა და ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მემორანდუმის მოქმედებას აჩერებს, რომელიც აშშ-სთან იყო დადებული“.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვა მოითხოვა.