ჯანდაცვის ბიუჯეტი და პროგრამების დაფინანსების შეწყვეტა ყოველ შემოდგომაზე დიდი განხილვის საგანია. გამონაკლისი არც წლევანდელი წელია. მით უმეტეს, რომ ჯანდაცვის სფეროში თანხების გაფლანგვას ცოტა ხნის წინ დიდი დაპატიმრებები მოჰყვა.
ჯანდაცვის მინისტრის, ანდრია ურუშაძის მტკიცებით, 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში მოსახლეობის მიმართ ყველა სოციალური ვალდებულება შენარჩუნებულია. მეტიც, ურუშაძის მტკიცებით, „ჯანდაცვის ბიუჯეტი მზარდია, რადგან სახელმწიფოს მოქალაქეების მიმართ ახალი ვალდებულებებიც აქვს აღებული“.
„მომდევნო წელს გაგრძელდება ყველა პროგრამა საპენსიო და სოციალური უზრუნველყოფის სფეროში. ამასთან, ბიუჯეტში ფართო სპექტრია წარმოდგენილი იმ სოციალური დახმარებებისა, რომელიც მნიშვნელოვანია თითოეული ოჯახისათვის და მოქალაქისთვის. აქ ბავშვთა დაზღვევის პროგრამაც იგულისხმება.
შენარჩუნებული იქნება კარდიოქირურგიული ოპერაციების დაფინანსება, სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა, ფსიქიკური პრობლემებისა და ინფექციურ დაავადებათა მართვა-იმუნიზაცია“, - განაცხადა მინისტრმა, რომლის მტკიცებით, სამინისტროს პრიორიტეტი იმ ადამიანების მხარდაჭერაა, ვისაც მკურნალობის თანხების საკუთარი შესაძლებლობებით დაფარვის შესაძლებლობა არ აქვს.
2011 წლის ბიუჯეტის პროექტში ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს დაფინანსება დეტალურად გაწერილი არ იყო. საპარლამენტო ოპოზიცია საბიუჯეტო პროექტს ძირითადად სწორედ ჯანდაცვის ნაწილის გამო აკრიტიკებს.
პირველ რიგში, ჯანდაცვის მინისტრი საპარლამენტო უმცირესობის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც პედაგოგებს თავიანთი დაზღვევის თანადაფინანსება მოუწევთ. აღსანიშნავია, რომ ქრისტიან-დემოკრატების განცხადებით, მომავალი წლიდან პედაგოგებს სამედიცინო დაზღვევის მისაღებად პოლისის ღირებულების 30%-ის გადახდა მოუწევთ.
ურუშაძემ უმცირესობის ინფორმაცია კატეგორიულად უარყო. მინისტრის მტკიცებით, პედაგოგების სამედიცინო დაზღვევა თანადაფინანსების პრინციპით არ მოხდება.
მისივე განცხადებით, პედაგოგებისათვის სამედიცინო დაზღვევა გაგრძელდება იმ პირობებით, რა პირობებითაც ისინი აქამდე სარგებლობდნენ.
თუმცა, მედიაში უკვე გაჟღერდა ინფორმაიცები, რომ არსებობს მთავრობის 2007 წლის დადგენილება, რომლითაც 2011 წლიდან სამედიცინო დანახარჯის 30% პედაგოგმა უნდა დაფაროს, ანუ ყოველთვიურად 15-20 ლარის გადახდა მოუწევს.
პედაგოგთა სამედიცინო დაზღვევისათვის ბიუჯეტში ამჟამად 18 მილიონი ლარია გათვალისწინებული. დადგენილების ამოქმედების შემთხვევაში, პედაგოგთა სამედიცინო დაზღვევის ბიუჯეტი 6 მილიონით შემცირდება.
საერთოდ, ჯანდაცვის ბიუჯეტთან დაკავშირებით ყველაფერი მუდმივად ბუნდოვანია. ცალკე საკითხია, მისი გახარჯვაც. ამასთან დაკავშირებით პრეტენზიები მარტო ოპოზიციას კი არ უკვე კონტროლის პალატასაც აქვს, რომლის დასკვნის საფუძველზეც განხორციელდა ჯანდაცვის სისტემაში მსხვილ-მსხვილი დაპატიმრებები.
კონტროლის პალატის ხელმძღვანელის ლევან ბეჟაშვილის ინფორმაციით, სოციალური სფერო, განსაკუთრებით ჯანდაცვა სახელმწიფოს პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ეს კი, პირდაპირ აისახება ამ სფეროს ბიუჯეტის მოცულობაზე, შესაბამისად, დიდია კორუფციული რისკებიც.
„სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემა საცერს ჰგავს, საიდანაც დიდი ოდენობით თანხები უკონტროლოდ გაედინება და იფლანგება“, - აცხადებს ბეჟაშვილი. კონტროლის პალატა ჯანდაცვის სამინისტროში განხორციელებული აუდიტის შედეგების გამოქვეყნებას, სავარაუდოდ, კვლავაც გაარძელებს.