ვაშინგტონში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ერთ-ერთი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება

ვაშინგტონში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ერთ-ერთი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება

ვაშინგტონში საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ქარტიის კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების, რეფორმების მეშვეობით ქვეყნის ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფისა და ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცების საკითხები, მათ შორის, ენერგეტიკული სექტორის მდგრადობის უზრუნველყოფისა და ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ვაჭრობის, ინვესტიციების, ინოვაციებისა და მეწარმეობის კუთხით საქართველოსა და აშშ-ს შორის მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცებას. როგორც საგარეო უწყებაში აღნიშნავენ მხარეები განიხილავენ ვაჭრობისა და ინვესტიციების მაღალი დონის დიალოგის, სავაჭრო მისიების, თბილისის „აბრეშუმის გზის“ ფორუმის, მეწარმეობის განვითარებისა და ინოვაციების, ასევე, ანაკლიის პორტის მშენებლობის მიმართულებებს. 

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხება გარემოს დაცვის მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას. სამუშაო ჯგუფს ქართული მხრიდან თავმჯდომარეობას გაუწევენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე, ხოლო ამერიკული მხრიდან - ეკონომიკისა და ბიზნესის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი, პატრიშა ჰესლეჩი, ასევე, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის მოქმედი თანაშემწე, მარგო ელისი.

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვედრებს გამართავს აშშ-ის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.