საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს ე.წ. უკანონო მოსმენების კანონთან დაკავშირებით, არაგულწრფელობაში ადანაშაულებს.
"როგორც მინიმუმ, პრეზიდენტი არაგულწრფელია, როცა მედიაში პერიოდულად ეჭვებს გამოთქვამს უკანონო მოსმენებზე და მეორეს მხრივ, საზოგადობას მოგვიწოდებს, რომ სპეცსამსახურების მიმართ ნდობა უნდა აღდგესო", - განაცხადა თალაკვაძემ ჟურნალისტებთან.
გუშინ, საქართველოს პრეზიდენტმა ე.წ. მოსმენების შესახებ კანონზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნულ კანონზე ორჯერ გამოყენებული ვეტოთი ცდილობდა ღვაწლმოსილი პოლიტიკოსებისათვის გაეგებინებინა, რას ნიშნავს ქვეყნის ეფექტური უსაფრთხოება.
"პირველ რიგში, ეფექტური უსაფრთხოების სისტემა გულისხმობს იმას, რომ ხალხი ენდობა სპეცსამსახურებს. სპეცსამსახურების მიმართ ნდობა უნდა ამაღლდეს და ეს უნდა გავაკეთოთ პოლიტიკოსებმა და კანონმდებლებმა, ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი სისტემა, როდესაც არავის არ ეგონება, რომ მას უსმენენ. ეს არის სახლემწიფოს უსაფრთხოების ფუნდამენტი", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა კამპანიის "კონსტიტუცია ყველასია'' ფარგლებში საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე