კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტის, ვახუშტი მენაბდის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისია პროპორციულ არჩევნებზე გადასვლასთან დაკავშირებით სწორად მუშაობს, თუმცა გარკვეული საკითხები დაზუსტებას საჭიროებს.
როგორც მენაბდემ განაცხადა, ამ მიმართულებით იკვეთება სამი ძირითადი პრობლემა - 5%-იანი ბარიერის დაწევა, გადაუნაწილებელი მანდატების გამოთვლის წესი და გადაუნაწილებელი მანდატების განაწილების წესი.
„მე ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო კომისია სწორად მუშაობს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, თუმცა გარკვეულ დაზუსტებებს საჭიროებს ვარიანტი, რომელიც განვიხილეთ ბოლო სხდომებზე. არის რამდენიმე პრობლემა - 5%-იანი ბარიერი არის საკმაოდ მაღალი, მეორე პრობლემა არის გადაუნაწილებელი მანდატების გამოთვლის წესი, მესამე კი გადაუნაწილებელი მანდატების განაწილების წესი. სამივე საკითხი იმსახურებს კრიტიკას იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ უკეთესი პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომელიც ადეკვატურად ასახავს პარლამენტში ხალხის განწყობას, საჭირო იქნება ამ მიმართულებით გადავდგათ ნაბიჯები და უფრო თამამები ვიყოთ საარჩევნო რეფორმის თვალსაზრისით“, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ, რომელიც სასტუმრო „რედისონში“ 15 ოპოზიციური პარტიის მიერ წარმოდგენილ საარჩევნო სისტემის მოდელის პრეზენტაციას დაესწრო.