სასამართლოს კრიტიკა დასაშვებია, მაგრამ მიუღებელია გამონათქვამები, რომელიც მოსამართლის მიმართ ზიზღს აღვივებს

სასამართლოს კრიტიკა დასაშვებია, მაგრამ მიუღებელია გამონათქვამები, რომელიც მოსამართლის მიმართ ზიზღს აღვივებს

სასამართლოს კრიტიკა დასაშვებია, მაგრამ ისეთი გამონათქვამები, რომელიც არის მოსამართლის მიმართ ზიზღის გასაღვივებლად, მიუღებელია, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ევა გოცირიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მართლმსაჯულების სტრატეგიის დოკუმენტის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ დისკუსიის ფარგლებში საუბრისას განაცხადა.

როგორც ევა გოცირიძემ აღნიშნა, ამ კონტექსტში გამოხატვის თავისუფლება უნდა იზღუდებოდეს, თუ ის კონკრეტული მოსამართლის რეპუტაციას ლახავს.

”მოსამართლე სახელმწიფო მოხელეებთან ერთად იმყოფება იმ კატეგორიაში, ვის მიმართაც დასაშვები კრიტიკის ფარგლები არის საშუალო. ამ კატეგორიაში, ვის მიმართაც დასაშვები კრიტიკის ფარგლები საშუალოა, მოსამართლე გახლავთ ის თანამდებობის პირი, ვის მიმართაც არის ყველაზე უფრო ვიწრო ეს დაშვება. იმიტომ რომ მოსამართლეს ეკისრება თავშეკავებულობის ვალდებულობა და მოკლებულია პრესასთან აქტიური ურთიერთობა გააჩაღოს, უპასუხოს ადეკვატურად თავდამსხმელს და იგივე ტერმინები გამოიყენოს რაც მის წინააღმდეგ გამოიყენეს.

ასე, რომ გამოხატვის თავისუფლება უნდა იზღუდებოდეს, იზღუდება და ეს შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. რა თქმა უნდა, საუბარია გარკვეულ დოზაზე. სასამართლოს კრიტიკა დასაშვებია, მაგრამ ისეთი გამონათქვამები სასამართლოს მიმართ, რომელიც არის სასამართლოსა და მოსამართლის ზიზღის გასაღვივებლად, რაც ძალიან ხშირია ჩვენს ცხოვრებაში, რომელიც ახდენს მის დისკრედიტაციას მოსახლეობის თვალში, მიუღებელია”, - განაცხადა ევა გოცირიძემ.

მისივე თქმით, ხშირია პოლიტიკოსების მხრიდან ისეთი გამონათქვამები, რომელიც მოსამართლეთა დისკრედიტაციას ისახავს მიზნად, შესაბამისად, მოსამართლეს უნდა ქონდეს უფლება მიმართოს სასამართლოს.

”მე ბევრჯერ მომისმენია პოლიტიკოსებისგან გამონათქვამები, რომ მოსამართლეები კრიმინალების ჯგუფია, მაფიოზების ბანდაა. ეს არის ყოვლად მიუღებელი. დიახ, ასეთი გამონათქვამები უნდა იზღუდებოდეს და მოსამართლეს უნდა ქონდეს უფლება თავისი რეპუტაციის დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საბჭოს უნდა ჰქონდეს ბერკეტი, რომ ასეთი გამონათქვამები გაუგზავნოს ჟურნალისტური ეთიკის კომიტეტებს თუ სხვა პროფესიული საქმიანობის კომიტეტებს რომ მოხდეს ასეთ საკითხებზე რეაგირება”, - განაცხადა ევა გოცირიძემ.