საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტო, ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით აქტიურად აგრძელებს კინოინდუსტრიის ხელშეწყობის კომპონენტის „გადაიღე საქართველოში“ პოპულარიზაციას.
სწორედ ამ მიზნით, 2017 წლის 6 – 9 აპრილს ქართული დელაგაციის წევრები უკვე მეორედ მიიღებენ მონაწილეობას „AFCI Locations Show“-ში, სადაც წარდგენილი იქნება სხვადასხვა ქვეყნების კინოინდუსტრიის ხელშეწყობის მექანიზმები და შესაძლებლობები.
მნიშვნელოვანია, რომ როგორც გასულ წელს, ამჟამადაც სააგენტოს წევრები ლოს-ანჯელესის კინოინდუსტრიის წამყვან წარმომადგენლებთან გამართავენ შეხვედრებს და სამომავლო თანამშრომლობის მიზნით პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ დეტალებს გააცნობენ, ასევე ხაზი გაესმება საქართელოს როგორც აღმოსავლეთ- ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ გადასაღებ ლოკაციას.
„AFCI locations show“-ზე ქართული სტენდის ქვეშ გაიმართება მნიშვნელოვანი შეხვედრები მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყნიდან სპეციალურად აღნიშნული შოუსთვის ჩამოსული ლოკაციების მენეჯერებთან, რაც უახლოეს მომავალში საქართველოთი უცხოური კინოპროდიუსერების დაინტერესებას განაპირობებს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ 2017 წელს, აღნიშნულ ღონისძიებაში ორი ქართული საპროდიუსერო კომპანია „Betterfly“ და ,,POLare FILM” მიიღებენ მონაიწილეობას.