დავით ნარმანიას რამდენიმე სუსტი გამოსვლა, მათ შორის „მაიმუნო-ვირიშვილო“ და ა.შ., მგონი ისტორიულად ნიშნავს, რომ ნარმანია უკვე არაფერი აღარ იქნება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ”რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა, დედაქალაქის მერობის სავარაუდო კანდიდატების შეფასებისას განუცხადა.
როგორც ბერძენიშვილმა აღნიშნა, მმართველი გუნდი ნარმანიას თბილისის მერობის კანდიდატად არ დაასახელებს იქიდან გამომდინარე, რომ ის არჩევნებში დამარცხდება.
რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, რომელთა შესახებაც ინფორმაცია მედიაში ვრცელდება, კერძოდ, კახა კალაძესა და დიმიტრი ქუმსიშვილს, ბერძენიშვილის შეფასებით, მათი შანსები ”ქართული ოცნების” რეიტინგიდან იქნება გამომდინარე.
”კახი კალაძეს, ქუმსიშვილს და სხვა კანდიდატებს იმდენად აქვთ წარმატების შანსი, რამდენადაც შეძლებს ”ქართული ოცნება” შეინარჩუნოს ლიდერობა. ჯერჯერობით მათი რეიტინგი ეცემა, მაგრამ არ ჩანს ვინმე ისეთიც, ვისიც ძალიან სერიოზულად იზრდება. არ გამოვრიცხავ, რომ დამოუკიდებელმა კანდიდატმა შეძლოს მეორე ტურში გასვლა, მათ შორის ალეკო ელისაშვილი შეიძლება იყოს ის კაცი, რომელიც გავა მეორე ტურში. ნარმანიასნაირი კანდიდატი თუ ეყოლება ”ქართულ ოცნებას,” მაშინ 100%-ით შემიძლია გითხრათ, რომ იგი ვერ გაიმარჯვებს. არ მგონია მმართველი ძალა ამ საკითხში ვერ გაერკვეს და ვერ წარმოადგინოს ისეთი კანდიდატი, რომელიც ბრძოლისუნარიანი იქნება. ნარმანია წაგებული ვარიანტია და ამ სისულელეს ”ქართული ოცნება” ნამდვილად არ იზამს. ნარმანიას რამდენიმე სუსტი გამოსვლა, მათ შორის „მაიმუნო-ვირიშვილო“ და ა.შ., მგონი ისტორიულად ნიშნავს, რომ ნარმანია უკვე არაფერი აღარ იქნება”, - განაცხადა ბერძენიშვილმა.
რაც შეეხება სხვა პარტიებს და მათ შესაძლო კანდიდატებს, ბერძენიშვილის თქმით, ნებისმიერი ადამინის შანსების შეფასება ამჟამად რთული იქნება, სანამ არ დასახელდება კონკრეტული კანდიდატი და არ ჩატარდება რამდენიმე კვლევა მაინც.
”დასახელებული კანდიდატებიდან არც ერთი არ არის ისეთი, რომელიც ქალაქთან მყარად ასოცირდება. არ გამოვრიცხავ, რომ მათ ჰქონდეთ წარმატება, მაგრამ ამის მიღწევა ძალიან გაუჭირდებათ. ნიკა მელია უკვე იყო და დაახლოებით იცის, რას მიაღწევს და მეც ვიცი, რას მიაღწევს. ელენე ხოშტარია ძალიან საინტერესოა, ოღონდ კვლევები ჯერ არ ჩატარებულა და როგორ უყურებს მას ქალაქი, ამას ვერ გეტვით. რაც შეეხება ელისაშვილს, მასზე რაც ვთქვი, იმიტომ ვთქვი, რომ ჩვენ ვიცით დაახლოებით როგორ უყურებს მას ქალაქი - როგორც თავის გულშემატკივარს და არა როგორც დეპუტატს ან რომელიმე პოლიტიკური ძალის წარმომადგენელს. ეს მისი უპირატესობებია”, - აღნიშნა ბერძენიშვილმა.
რაც შეეხება ”რესპუბლიკურ პარტიას” და მის გეგმებს, როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა აღნიშნა, ”რესპუბლიკელები” აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას ადგილობრივ არჩვენებში, მაგრამ ეყოლება თუ არა პარტიას მერობის კანდიდატი ან დაუჭერს თუ არა ვინმეს მხარს, ეს ჯერ გადაწყვეტილი არაა. ბერძენიშვილი დედაქალაქის მერობის კანდიდატად ალეკო ელისაშვილის მხარდაჭერასაც არ გამორიცხავს.