ერთად...

ერთად...

ოცნებას კაცი არ მოუკლავს და არც მოკლავს... რატომ უნდა მოკლას ოცნებამ კაცი? ადამიანი ოცნებით იბადება, ოცნებით იზრდება, ოცნებით ცხოვრობს და იმ ქვეყნად რომ მიდის, ამქვეყნად აუხდენელი ოცნებები რჩება.

ოჯახი რჩება, შვილები, შვილიშვილები, მეგობრები, ნათესავები, მეზობლები, ნაცნობები... ეჰეეი, რამდენი რამ რჩება და ყველაფერს ერთად ქვეყანა ჰქვია. ქვეყანა – საქართველო, სადაც დავიბადეთ და სადაც დაიბადა ის სიტყვები, დღეს რომ კოსმოსში მიფრინავენ: „ხიდისთავს შევკრათ პირობა, ჩვენ გავხდეთ ღვიძლი ძმანია...“

სხვაგან არ ვიცი და სხვისას ვერ გეტყვით, მაგრამ ყველა ქართველს, ვისაც საქართველო რჩებოდა, რჩებოდა ერთი აუხდენელი ოცნება – ერთობა ღირსებისათვის და ღირსეულთა ღირსეულად მოგონება.

სანთელი და ჭიქა ღვინო ძალიან ცოტაა გენერალ მაზნიაშვილისთვის, რომლის საფლავიც არ არსებობს და რომლის მებრძოლების საფლავებიც მალე აღარ იარსებებს. მათ ჰქონდათ ოცნება – ოცნებობდნენ ერთობაზე და ამ ერთობით ოცნების ახდენაზე. სანთელი ოდენ ალია და ჭიქა ღვინო ოდენ სითხე იქ, სადაც არ არის ღირსება.

„ადგილზე გაანადგურეთ“ – ამას მხოლოდ უღირსი კაცი იტყვის, რადგან მისთვის შორს არის ადამიანობა, ევროპელობა, ქართველობა. „ყველაფერს გავყიდი, სინდისის გარდა“ – ამას მხოლოდ ის იტყვის, ვისაც სინდისი უკვე გაყიდული აქვს. „შეეჩვიე მოგებას“ – გვიყიჟინებს ბრძოლის ველიდან კისრისტეხით გაქცეული თავდაცვის მინისტრი და ლატარიის ბილეთებს გვჩრის.

მაგრამ ეს დროებითია, სწორედ ამ დროებითობაზე ვოცნებობთ და ჩვენ ეს შეგვიძლია, რადგან როდესაც რაღაც არის დროებითი, რაღაც აუცილებლად არის მუდმივი და სამუდამო. არის გენი და არის ისტორია, და თუ სადღაც შეიქმნა პირველი პარლამენტი და სადღაც დაიწერა პირველი კონსტიტუცია, თუ სადღაც პირველად იხილა დღის სინათლე თავისუფლების დეკლარაციამ, აქაც, ჩვენთან, ჩვენში და ჩვენითაც მოხდა რაღაც...

მეთორმეტე საუკუნეში გაუქმდა სიკვდილით დასჯა...

მეთორმეტე საუკუნეში ითქვა: „მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები...“

იყო თამარი და იყო რუსთაველი, მაგრამ, რაც მთავარია, იყო ქართული საზოგადოება, რომელიც შრომობდა, იბრძოდა, ფიქრობდა და ოცნებობდა. თამარის ხელით გააუქმეს სიკვდილით დასჯა და რუსთაველის პირით თქვეს ის, რაც ითქვა.

მე ვგავარ მამაჩემს. მე და ჩემი ბიძაშვილები ვგავართ პაპაჩვენს. ჩვენი მამები გვანან ჩვენს დიდ პაპას, რომელიც, თავის ძმებთან ერთად ჩვენს პაპის პაპას ჰგავდა და მამა–პაპურად რომ გავყვეთ და ჩავყვეთ, ჩვენ ხომ იმათ ვგავართ, მეთორმეტე საუკუნეში სიკვდილით დასჯის გაუქმება რომ გადაწყვიტეს!

კი, ცუდიც იყო, მაგრამ ცუდზე იტყვიან – ზრახვაო, და ჩვენ ხომ არ გვაქვს ზრახვები? ჩვენ გვაქვს ოცნება და ჩვენ ვფიქრობთ... ოცნება კი, იგივე ფიქრია, ოღონდ – სულის სიღრმეში და გულის კუნჭულებში ნაფიქრალი. და ალბათ სიტყვა „ოცნება“ მოდის სიტყვიდან „მცნება“ და ათივე მცნება, ცალ–ცალკე და ერთად აღებული, ხომ არის ერთობა, თავისუფლება, სიკეთე და სიყვარული!

ჩვენ ეს შეგვიძლია. ფიქრია საჭირო და შრომა. შრომას უნდა იარაღები და არის ასეთი გამოთქმა – ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია.

ვინც დაფიქრებულია, ის შეიარაღებულია – ასეც შეიძლება, რომ ითქვას.

გასაფრთხილებელი ბევრია, დასაფიქრებელი ბევრია და გასაკეთებელი ბევრი კი არ არის, არამედ ყველაფერი გასაკეთებელია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ერთად ავიხდინოთ...

ერთი ჩემი მეგობარი კითხვას დასვამს ხოლმე – „ვინ თქვა, ქართველი კაცი ზარმაციაო?!“ და იქვე კითხვითვე პასუხობს: „იმერეთში გლეხს წელზე თოკი რომ აქვს გამობმული და ფერდობზე სიმინდს „რაგატკით“ რომ თესავს, ის არის ზარმაცი?!“

ერთად ავიხდინოთ... ჩვენ გავხდეთ ღვიძლი ძმანია. ჩვენ ეს შეგვიძლია.

ერთად შევძლოთ და ერთად გავიღიმოთ. ამ საქმეში გულია მთავარი და არა კბილები.

ოცნებას კაცი არ მოუკლავს, კაცს კლავს ტყუილი. როდესაც „ადგილზე განადგურებული საქართველოთი“ იწყებ, „გაღიმებული საქართველოსი“ აღარავის ჯერა.

რადგან არ გვჯერა, ერთად ავიხდინოთ და ერთად გავიღიმოთ. კბილები არ არის მთავარი, თორემ...

თორემ, გეკითხებით – რამდენი კბილი ექნებოდა შერჩენილი ექვთიმე თაყაიშვილს, საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესს, 1945 წლის მიწურულს?

ფართოდ იღიმებოდა სამშობლოში დაბრუნებული პირნათელი და ხელდამშვენებული ბერიკაცი...

ამიტომაც, ზოგის ადგილი მთაწმინდაზეა, ხოლო ზოგის – ისტორიის სანაგვეზე.

ოცნებას კაცი არ მოუკლავს, ისტორიის სანაგვეზე გადასაგდები ზოგ–ზოგიერთისგან განსხვავებით.

(გაზეთი „ქართული ოცნება“)