ქილერი, რომელმაც დღეს კიევის ცენტრში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი დეპუტატი დენის ვორონენკოვი მოკლა, მიღებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.
კიევის ცენტრში დღეს, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი დეპუტატი დენის ვორონენკოვი მოკლეს. რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილი დეპუტატი დენის ვორონენკოვი უკრაინაში 2016 წლის ოქტომბრიდან იმყოფებოდა. მან ასევე ჩვენება მისცა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის საქმესთან დაკავშირებით.
ყოფილ დეპუტატზე რუსეთში ფედერალური ძიება იყო გამოცხადებული. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ყოფილ დეპუტატთან მიმართებაში საქმეს თაღლითობის მიუხლით იძიებდა. მას ბრალი ედებოდა მოსკოვის ცენტრში 5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების შენობის ხელში ჩაგდებაში.
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ რუსეთს რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილი დეპუტატის, დენის ვორონენკოვის მკვლელობაში ბრალი დასდო.
„კიევის ცენტრში დენის ვორონენკოვის ვერაგული მკვლელობა რუსეთის მხრიდან სახელმწიფო ტერორიზმის აქტია. დენის ვორონენკოვი იძულებული გახდა რუსეთი დაეტოვებინა პოლიტიკური მოსაზრებების გამო. დღევანდელ მკვლელობაში რუსული სპეცსამსახურების აშკარა ხელწერაა შესამჩნევი“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.