5 წლის წინ ციხეში მოხვედრილი ადამიანისათვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი იდგა, დღეს კი ინოვაციებზე ვმსჯელობთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ ეს არის უდიდესი პროგრესის ერთ-ერთი ინდიკატორი ქვეყანაში.
მდინარაძე გამოეხმაურა სასჯელაღრსულების სამინისტროს მიერ მომზადებულ ცვლილებათა პაკეტს. მისი თქმით, სასჯელაღსრულების სფეროში დაგეგმილი რეფორმის პირობების შესაბამისად მინისტრმა კახიშვილმა პლენარულ სხდომაზე წარადგინა ცვლილებების პროექტი, რომელიც უკვე წარმატებულ სისტემას კიდევ უფრო დახვეწს და განავითარებს.
”კანონის მიღების შემდეგ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს ექნებათ უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა; შეიქმნება ახალი დაწესებულება სასჯელაღსრულების სისტემაში, რომელიც პატიმრებს გათავისუფლებისათვის მომზადების შესაძლებლობას მისცემს; პატიმარ დედებს, რომლებსაც 3 წლამდე ასაკის ბავშვები თავისთან ჰყავდათ, ერთი წლის განმავლობაში საპატიმრო დაწესებულების უქმე დღეებში და დატოვების უფლება მიეცემათ; ელექტრონული ზედამხედველობით შესაძლებელი იქნება პატიმრობის მაგივრად შინაპატიმრობა იქნას გამოყენებული; სასამართლოს მიეცემა უფლება მსჯავრდებული გაათავისუფლოს ავადმყოფობის გამო - ეს არის უაღრესად პოზიტიური ცვლილებების არასრული ჩამონათვალი, რომელიც როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში იძლევა გარანტიას, რომ ქვეყანა არასოდეს შეეგუება სისასტიკეს, რომელიც უახლოეს წარსულში გვქონდა ამ სისტემაში. სულ რაღაც 5 წლის წინ ციხეში მოხვედრილი ადამიანისათვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი იდგა, დღეს კი ინოვაციებზე, სხვადასხვა კონკრეტული უფლებისა და პირობების დახვეწა-გაუმჯობესებაზე ვმსჯელობთ. სწორედ ეს არის უდიდესი პროგრესის ერთ-ერთი ინდიკატორი ჩვენს ქვეყანაში”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.