აღკვეთის ღონისძიების ახალი სახის - ე.წ. ელექტრონული მეთვალყურეობის შემოღება იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაცია პარლამენტის წევრებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა მიაწოდა.
”მთავრობის მხრიდან წარმოდგენილ იქნება საინტერესო ნოვაცია. მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე სპეციალურ ჯგუფს ხელმძღვანელობს და წარმოადგენს ახალი ტიპის აღკვეთი ღონისძიების ფორმას - მაგალითად, ელექტრონულ მეთვალყურეობას. ეს აღკვეთის ღონისძიების ფარგლებში კიდევ უფრო მეტად შეამცირებს პატიმრების რაოდენობას. ეს არის იმისთვის, რომ უფრო ნაკლები ადამიანი გვყავდეს ციხეში - იქ სადაც შესაძლებელია, რომ ადამიანი არ იყოს ციხეში. უნდა იყოს ალტერნატიული, ეფექტური სასჯელები, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ერთი მხრივ, ვაკონტროლოთ ის ადამიანი, ვინც დანაშაული ჩაიდინა და მოვახდინოთ პრევენცია, რომ მან დანაშაული კვლავ არ ჩაიდონოს, მაგრამ არ არის აუცილებლობა, რომ ეს იყოს უკიდურესი ფორმა - პატიმრობა”, - განაცხადა მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.