შინაგან საქმეთა სამინისტრომ იარაღის და ნარკოტიკის ჩადების კამპანია დაიწყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა ნიკა მელიამ განუცხადა.
,,ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, პრეზიდენტის შვილის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც იარაღისა და ნარკოტიკის მოსალოდნელ ჩადებას უკავშირდება, შემაშფოთებელია.
,,შინაგან საქმეთა სამინისტრო იარაღისა და ნარკოტიკის ჩადების კამპანიას ახორციელებს. ამის არაერთი დამამტკიცებელი ფაქტი, აუდიო თუ ვიდეო ჩანაწერი ვნახეთ. გვახსოვს, რამდენიმე თვის წინ პრაქტიკულად პირდაპირ ეთერში ახალგაზრდა ბიჭს ნოდარ ნიშნიანიძეს საკუთარ სახლში ჩაუდეს იარაღი, დედისა და მეუღლის თვალწინ და სპეცრაზმი კარებს უმტვრევდა. ასევე გვახსოვს ძმები ფეიქრიშვილები, რომლებსაც იარაღი ჩაუდეს. დღეს, როდესაც პრეზიდენტის ოჯახის წევრები საუბრობენ იარაღის და ნარკოტიკის მოსალოდნელ ჩადებაზე, მაშინ როდესაც პრეზიდენტის ოჯახის წევრის მეგობარი დაკავებულია დანაშაულებრივად, ბუნებრივია, ეს საგანგაშოა და ყველა, განურჩევლად კუთვნილებისა, რომელი პარტიის დეპუტატიც არ უნდა იყოს , უნდა იღებდეს ხმას. რატომ ვართ ამ პარლამენტში, რას აკეთებს ,.,ქართული ოცნების“ დეპუტაცია თუ ამ საკითხზე ხმას არ ამოიღებს. როდესაც პრეზიდენტის ოჯახი გამოდის და კონკრეტული ფაქტებით საუბრობს, მე ვფიქრობ, ეს საგანგაშოა. მე გამოძიების იმედი არ მაქვს. ქართული საზოგადოების მჯერა და მათი აზრის კონსოლიდაცია თუ შეაჩერებს ივანიშვილის დანაშაულებრივ პოლიციას, რომელმაც წამოიწყო კამპანია ნარკოტიკის და იარაღის ჩადების“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
"ჩემი აზრით, ამ ბოლო დროს ძალიან გამოკვეთილია ის ფაქტი, რომ განსხვავებული აზრის მქონე ხალხის შვილები, ახლობლები და ნათესავები იდევნებიან ჩვენს რეალობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შვილმა ანა მარგველაშვილმა "რუსთავი 2"-ის გადაცემაში "არჩევანი" განაცხადა, როდესაც მისი მეგობრის, მიხეილ თათარაშვილის დიდი ოდენობით "სუბუტექსის" აღმოჩენის ბრალდებით დაკავებაზე ისაუბრა. ანა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მის მეგობარს ნარკოტიკი არ ჰქონია და ამ საქმეში ბევრი კითხვის ნიშანია.
მისივე თქმით, ბოლო პერიოდში ყველა საქმეს, რომელიც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების ოჯახის წევრების დაკავებას ეხება, იდენტური ხელწერა აქვს.
"მე ხელს არავის არ ვადებ, მაგრამ ძალიან ბევრ კითხვებს ბადებს. თუნდაც, ყველამ ვიცით, რომ ბოლო დროს გახმაურებელი საქმეები არის იდენტური მიხეილ თათარაშვილის საქმესთან", - აღნიშნა ანა მარგველაშვილმა.