აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მონაწილეობას მიიღებს ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერების შეხვედრაში, რომელიც 25 მაისს ბრიუსელში გაიმართება. აღნიშნულის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა შონ სპაისერმა განაცხადა.
„პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბრიუსელში გაემგზავრება, რათა 25 მაისს მონაწილეობა მიიღოს ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერების შეხვედრაში“, - განაცხადა შონ სპაისერმა.
თეთრი სახლის პრესმდივნის თქმით, ამ შეხვედრის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაადასტურებს ნატო-სადმი მტკიცე ერთგულებას აშშ-ის მხრიდან, ალიანსისთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს, მათ შორის ნატო-ს როლს ტერორიზმთან ბრძოლაში.
გარდა ამისა, 12 აპრილს, დონალდ ტრამპი თეთრ სახლში შეხვედრას გამართავს ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან.
„მხარეები ისაუბრებენ თუ როგორ გააძლიერონ ალიანსი, რათა გავუმკლავდეთ იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშე ვდგავართ“, - დასძინა შონ სპაისერმა.