ხელისუფლება ქართული კინოს განვითარების ფონდს, ძველი კინოსტუდიის სანაცვლოდ, დიღმის მასივში მდებარე ტერიტორიასა და ამ ტერიტორიაზე ახალი კინოსტუდიისა და ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, 2 მილიონ დოლარს სთავაზობს. ფონდის წარმომადგენლები ძველი კინოსტუდიის შენობის შესაძლო გაყიდვას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან და არც შესაბამის დოკუმენტზე აპირებენ ხელის მოწერას. ,,ვერსიას'' ქართული კინოს განვითარების ფონდის ერთ-ერთი წევრი რეჟისორი ქეთი დოლიძე ესაუბრა:
_ ქართული კინოს განვითარების ფონდი შეიქმნა 2005 წელს, კინემატოგრაფისტებისა და ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით. ფონდის დამაარსებელი გახლავთ გაგა ჩხეიძე, რომელმაც ააწყო და შექმნა მთელი ეს სტრუქტურა. ფონდში შეიქმნა საბჭო, რომლის შემადგენლობაც 3 წელიწადში ერთხელ იცვლება. მოცემულ მომენტში, საბჭოს წევრები არიან _ ქართული ფილმის გენერალური დირექტორი, მისი მოადგილე, რეჟისორი ნანა ჯორჯაძე, მინისტრის მოადგილე დავით ცხადაძე და მე.
_ რა ტერიტორია შედის ამ ფონდის შემადგენლობაში?
_ ჩვენი ფონდის გამგეობაში შედიოდა მთელი ძველი კინოსტუდიის ტერიტორია, თუმცა, თავის დროზე, გაყიდული იქნა დიდი პავილიონი, გვირაბი... მოკლედ, ბევრი შენობა გასხვისდა როგორც ახლანდელი, ისე წინა ხელისუფლების პირობებში, თაღლითური გარიგებებითა და მაქინაციებით. თუნდაც ის ფაქტი, რომ 2500 ადამიანის აქცია სახელმწიფომ 4500 დოლარად იყიდა, არასწორი გარიგების ნათელი მაგალითია.
_ ძველი კინოსტუდიის ტერიტორიაზე კინოქალაქის დაარსება გქონდათ გადაწყვეტილი.
_ დიახ, ძველი კინოსტუდიის ტერიტორიაზე ვაპირებდით კინოქალაქის დაარსებას, რაც ჯერჯერობით, ვერ მოვახერხეთ, ჩვენი მწირი შესაძლებლობებით, თუმცა, ვფიქრობ, თუ იქნება სახელმწიფოს ნება და კარგი ინვესტორი, ამის გაკეთება და თუნდაც გასხვისებული ტერიტორიების დაბრუნებაც ყოველთვის შეიძლება. თუმცა, სახელმწიფოს კეთილი ნება რომ ყოფილიყო, იმ უსარგებლო და უაზრო მშენებლობების ნაცვლად, რაც ჩვენ ქვეყანაში 2003 წლიდან მიმდინარეობს, თავისუფლად შეიძლებოდა ქართული კინოს აღორძინება. ძველი კინოსტუდიის რაღაც ნაწილს ფლობს მამუკა ხაზარაძე, რომელიც დღესაც მზადაა, თუ კინოქალაქის საკითხი გადაწყდება, დათმობაზე წავიდეს და თავის მფლობელობაში არსებული დიდი პავილიონით შემოვიდეს ამ საქმეში. მიუხედავად იმისა, რომ კინოქალაქის იდეის განხორციელება ვერ მოხერხდა, ჩვენი ფონდი პატარ-პატარა საქმეების კეთებას მაინც ახერხებდა _ ძალიან მცირე შემოსავლის მიუხედავად, აღმოაჩინა და აღადგინა ძველი ფირები, მოაწესრიგა გარდერობი...
_ კონკრეტულად, რა ტერიტორიას გთავაზობთ ხელისუფლება ძველი კინოსტუდიის სანაცვლოდ?
_ რამდენიმე დღის წინ, ფონდის წევრები კინოსტუდიის დირექტორმა არჩილ მენაღარიშვილმა დაგვიბარა და გამოგვიცხადა, რომ თუ ჩვენ დავთმობთ აღმაშენებლის ქუჩაზე განთავსებული ძველი კინოსტუდიის შენობას, სანაცვლოდ სახელმწიფო მფლობელობაში გადმოგვცემს იმ რამდენიმე ჰექტარს, რომელზეც ჯერ კიდევ განლაგებულია დიღმის კინოსტუდია, ხოლო იქ ინფრასტრუქტურის მოსაწყობად დამატებით 2 მილიონ ლარს გამოგვიყოფს. თუმცა, რეალურად, რას გვთავაზობენ დიღომში, არავინ იცის, სავარაუდოდ, ეს არის ტერიტორია, სადაც დგას ლაბორატორიის შენობა, რომელსაც 10 წელია არ უმუშავია და აპარატურა, რომელიც არავის არასდროს არსად გამოუყენებია.
_ რა გეგმაზეა საუბარი, რა უნდა გაკეთდეს 2 მილიონ დოლარად აღნიშნულ ტერიტორიაზე?
_ არჩილ მენაღარიშვილის გეგმის მიხედვით, თურმე 3 მილიონად გავყიდით დიღმის ტერიტორიაზე განთავსებულ ავტოფარეხებს და ჯამში, 5 მილიონით შევიძენთ არაჩვეულებრივ აპარატურას, რომელიც ყოველდღიურად იცვლება და განახლებას საჭიროებს, ავაშენებთ სამდარბაზიან კინოთეატრს მაშინ, როცა გლდანის კინოთეატრი, ფაქტიურად, იმიტომ დაიხურა, რომ მაყურებელი არ ჰყავდა, ავაშენებთ რესტორანსა და კაფეს, ალბათ ,,შანგრილას'' მსგავსს... მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, რადგან მთლიანად ეს გარიგებაა ბუნდოვანი. ბუნდოვანია ის, თუ ვის უნდა მიყიდონ თუნდაც ზემოთნახსენები ავტოფარეხები, ან ფასი 3 მილიონი ვინ დაადგინა... ეს არ კეთდება ქართული კინოს აღორძინების მიზნით. 5 მილიონი კი არა, 10 მილიონიც არ ეყოფა იმის მოწესრიგებას, რაც დიღომშია დარჩენილი. როდესაც ამ შეხვედრაზე ჩემი პროტესტი დავაფიქსირე და შესაბამის საბუთზე ხელმოწერაზეც უარი განვაცხადე, მენაღარიშვილმა წევრის სტატუსი გამიუქმა და ხელი ჩემს მაგივრად, ოთარ ლითანიშვილს მოაწერინა, რომელიც ბოლომდე გარკვეულიც კი არ იყო საკითხში. ახლა კი, როცა გაერკვა, თუ რა გარიგებაზეა საუბარი, დამირეკა და მითხრა, რომ უარს აცხადებს წევრობაზე და მოითხოვს, მე დამაბრუნონ გამგეობაში.
_ კინოსტუდიის დირექტორს გააჩნია თქვენი შეცვლის იურიდიული უფლება?
_ უბედურება ისაა, რომ ჩვენი სახელმწიფოს მიერ მიღებული ტუტუცური კანონით, მენაღარიშვილს შეუძლია, სხვა ადამიანით ჩამანაცვლოს, არადა ხომ არსებობს მორალური პასუხისმგებლობაც. თუნდაც ის, რომ კრება უფლებამოსილი არ არის, თუნდაც ერთი წევრის გარეშე, მიიღოს რაიმე გადაწყვეტილება. ნანა ჯორჯაძე კი საქართველოში არ იმყოფებოდა და შეხვედრას არ ესწრებოდა. ვფიქრობ, ეს არჩილ მენაღარიშვილის გარიგებაა ეკონომიკის ან კულტურის სამინისტროსთან, თუმცა ეკონომიკის სამინისტრომ ოფოციალურად უარყო ამ საკითხთან კავშირი.
_ რას აპირებთ თქვენი უფლებების დასაცავად?
_ უკვე შეიკრიბნენ კინემატოგრაფისტები და კატეგორიული უარი განაცხადეს ამ უმსგავსო გარიგებაზე. მათი დიდი ძალისხმევით ეს პროცესი შეჩერებულია. მთავარია, შევინარჩუნოთ ერთობა და კოლეგიალობა. როდესაც არჩილ მენაღარიშვილმა წევრობა გამიუქმა, მაშინ ვთქვი, რომ ამას ასე არ დავტოვებდი. ერთ-ერთმა წევრმა ცინიკურად ისიც კი მითხრა: ,,რა მოხდა, დავთმოთ, მერე მოვა შენი ივანიშვილი და ისევ იყიდისო''. როდესაც ამხელა ცინიზმთან მაქვს საქმე, ჩემთვის არც შვილია შვილი, არც ნათესავია ნათესავი, ჩემთვის ყველაზე მთავარია ჭეშმარიტება. ჭეშმარიტება თუ ღმერთია და ჭეშმარიტება ნამდვილად ღმერთია, ჩემთვის ამაზე მაღლა არაფერი დგას. ვფიქრობ, ხელისუფლების დაინტერესება კინოსტუდიით, გამოიწვია ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ ქართულ კინოში დიდი ინვესტიციის ჩადების თაობაზე. ჩვენ მთავრობას კი ჩაფიქრებული აქვს ყველაფერი ჩაიგდოს ხელში. კინოსტუდიის გასხვისება ან თუნდაც სახელმწიფოსთვის მისი გადაცემა იქნება დიდი შეცდომა, რაც საბოლოოდ დაღუპავს ქართულ კინოს.