საკონსტიტუციო კომისიაში წარდგენილია ინიციატივა, რომელიც ე.წ. ადგილობრივი სტრასბურგის მოდელის ამოქმედებას შეეხება

საკონსტიტუციო კომისიაში წარდგენილია ინიციატივა, რომელიც ე.წ. ადგილობრივი სტრასბურგის მოდელის ამოქმედებას შეეხება

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის დღევანდელ შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეების თანამდებობაზე განმწესებასთან დაკავშირებული საკითხები იქნება.

საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმართებით განიხილება ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს მისთვის უფლებამოსილების მინიჭებას გადასინჯოს და დაადგინოს საერთო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კონსტიტუციურობა - საუბარია ე.წ. ადგილობრივი სტრასბურგის მოდელის ამოქმედებაზე.

„ეს იქნება ძალიან კარგი ცვლილება, რაც ქვეყანას დაეხმარება იმაში, რომ შეამციროს სარჩელების რაოდენობა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების განხილვა მოხდება ადგილზე“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საკონსტიტუციო კომისიის წევრმა ვახუშტი მენაბდემ.

მისივე ინფორმაციით, თუკი მიღებული იქნება გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების გაზრდის თაობაზე, ამ კონტექსტში განიხილება მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდის საკითხიც.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც დღეს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფი იმსჯელებს, სახალხო დამცველის არჩევის წესი და მისი დამოუკიდებლობის გარანტიებია.

როგორც ამასთან დაკავშირებით მენაბდე განმარტავს, დღეს სახალხო დამცველი ირჩევა უმრავლესობით და კომისიისთვის შეთავაზებულია ინიციატივა, როცა ომბუდსმენის არჩევას უმცირესობის ხმებიც დასჭირდება.