უპრიანია, პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით იყოს არჩეული, ვიდრე ლეგიტიმაცია პირდაპირ ხალხისგან აიღოს, ეს მას არაფერში სჭირდება

უპრიანია, პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით იყოს არჩეული, ვიდრე ლეგიტიმაცია პირდაპირ ხალხისგან აიღოს, ეს მას არაფერში სჭირდება

უპრიანია, პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით იყოს არჩეული, ვიდრე ლეგიტიმაცია პირდაპირ ხალხისგან აიღოს - ეს მას არაფერში სჭირდება, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრმა ჯონი ხეცურიანმა განუცხადა.

მისი თქმით, საპარლამენტო რესპუბლიკაში სახალხო სუვერენიტეტის წყაროა მხოლოდ პარლამენტი - ხალხი ირჩევს მხოლოდ პარლამენტს და პარლამენტიდან იღებს ლეგიტიმაციას მთავრობა და პრეზიდენტი.

“საპარლამენტო რესპუბლიკის ქვეყნებში არის წესი, როცა პრეზიდენტს პარლამენტი ირჩევს ან როცა პრეზიდენტს ირჩევს ამომრჩეველთა კოლეგია, სადაც უზრუნველყოფილია როგორც პარლამენტის, ასევე რეგიონალური წარმომადგენლობის მონაწილეობა. თუკი ჩვენ ამას იმ თვალსაზრისით შევხედავთ, თუ რომელი უფრო ეფექტიანია, რა საკვირველია, უფრო მარტივია, როცა პრეზიდენტს პარლამენტი აირჩევს. ორგანიზაციული თვალსაზრისით, შედარებით გართულებულია, როცა მას ამომრჩეველთა კოლეგია ირჩევს, თუმცა ლეგიტიმაციის ხარისხი უფრო მეტია, ვიდრე პარლამენტის მიერ არჩევის შემთხვევაში. პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა იმ შემთხვევაშია საჭირო, როცა მას შესაბამისი უფლებამოსილებები გააჩნია. ეს, როგორც წესი, დამახასიათებელია საპრეზიდენტო რესპუბლიკისთვის და ნახევრადსაპრეზიდენტო რესპუბლიკისთვის, როცა პრეზიდენტს აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილებები გააჩნია. რადგან საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელში მას ამდაგვარი უფლებამოსილებები არ გააჩნია, უპრიანია, არაპირდაპირი წესით იყოს არჩეული, ვიდრე ლეგიტიმაცია პირდაპირ ხალხისგან აიღოს. ეს მას არაფერში სჭირდება. ევროპის ბევრ ქვეყანაში შემორჩენილია, როცა პრეზიდენტს პირდაპირი წესით ირჩევენ, მაგრამ ეს ალბათ გარკვეული ტრადიციის გამოძახილია - იქაც პრეზიდენტს ნომინალურად გააჩნია უფლებამოსილება“, - განაცხადა ხეცურიანმა “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფი პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის იმგვარ წესზე მსჯელობს, რომლის მიხედვით, სახელმწიფოს მეთაურს პარლამენტის წევრების გარდა, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებიც აირჩევენ.

კომისიის წევრმა ვახტანგ ხმალაძემ საკონსტიტუციო კომისიას პრეზიდენტის 300-კაციანი ამომრჩეველთა კოლეგიის მიერ არჩევის მოდელი შესთავაზა. ხმალაძის წინადადებაა, ამომრჩეველთა კოლეგია დაკომპლექტდეს პარლამენტის 150 წევრისგან და 150 დელეგატისაგან, რომლებსაც აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი საბჭოები და საკრებულოთა გაერთიანებები აირჩევენ იმ პროპორციით, როგორი პროპორციითაც ამ საკრებულოებში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები იქნებიან წარმოდგენილნი.