„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგი წერეთლის შეფასებით, პრინციპული განსხვავება მდგომარეობს არა იმაში, როგორი იქნება პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი, არამედ პირდაპირი არჩევნები იქნება თუ ირიბი.
ამის შესახებ წერეთელმა ჟურნალისტებს კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძის წინადადების კომენტირებისას განუცხადა, რომელიც 300-კაციანი საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევას ითვალისწინებს.
„პრინციპული განსხვავებაა იმაში, პირდაპირი არჩევნები იქნება თუ არ იქნება. თუ გადაწყვეტილებაა, რომ საქართველოს პრეზიდენტი პირდაპირი არჩევნებით არ იყოს არჩეული, შემდეგ იქნება ვარიაციები, კოლეგიურმა ორგანომ აირჩიოს, ორსაფეხურიანი ეტაპი იყოს თუ ა.შ. მე მიმაჩნია, რომ ამ ვითარებაში, რომელშიც დღეს არის საქართველო, არაფორმალური მმართველობის პირობებში, ინსტიტუტებს შორის ასეთ ბრძოლის პირობებში, დასაბალანსებლად გვჭირდება აქტიური, ქმედითი პრეზიდნეტი, რომელსაც მოსახლეობა პირდაპირი წესით აირჩევს. თუ საბოლოო გადაწყვეტილება იქნება არაპირდაპირ არჩევნებზე, ამის შემდეგ ბუნებრივია შეიძლება მსჯელობა, თუ რა ვარიაციები იყოს, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური გუნდი პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას ემხრობა“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფი დღევანდელ შეხვედრაზე პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაკავშირებით მსჯელობს. განხილვის თემაა პრეზიდენტის უფლებამოსილებები და მისი არჩევის წესი. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში მმართველი გუნდის მიერ უკვე წარდგენილია საკონსტიტუციო ცვლილებების სამუშაო ვარიანტი, რომლის მიხედვით პრეზიდენტის არჩევა ხდება პარლამენტის მიერ, სრული შემადგენლობის უმრავლესობით.