საკონსტიტუციო კომისიამ გაიზიარა ჩემი ინიციატივები, რომ პრეზიდენტი არ შეიძლება იყოს პარტიის წევრი, მისი ასაკი კი განისაზღვროს მინიმუმ 45 წლით

საკონსტიტუციო კომისიამ გაიზიარა ჩემი ინიციატივები, რომ პრეზიდენტი არ შეიძლება იყოს პარტიის წევრი, მისი ასაკი კი განისაზღვროს მინიმუმ 45 წლით

ექსპერტი ვახტანგ ხმალაძე პრეზიდენტის ასაკობრივი ცენზის 45 წლამდე გაზრდის ინიციატივით გამოდის. ხმალაძემ დღევანდელ სხდომაზე საკონსტიტუციო კომისიას რამდენიმე წინადადება წარუდგინა.

“პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებით მე შევთავაზე სამუშაო ჯგუფს, რომ პრეზიდენტის ასაკი ყოფილიყო არანაკლებ 45 წლისა; მეორე, რომ პრეზიდენტი არ შეიძლება იყოს პარტიის წევრი. ეს წინადადებები იქნა გაზიარებული“, - განაცხადა ხმალაძემ.

ვახტანგ ხმალაძის კიდევ ერთი წინადადება პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევას ეხება. ხმალაძე მომხრეა, პრეზიდენტის არჩევა მოხდეს არა პარლამენტის მიერ, არამედ ე.წ. ამომრჩეველთა კოლეგიის მიერ, რომელიც შედგება პარლამენტის 150 წევრისაგან და 150 დელეგატისაგან, რომლებსაც აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი საბჭოები და საკრებულოთა გაერთიანებები აირჩევენ იმ პროპორციით, როგორი პროპორციითაც ამ საკრებულოებში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები იქნებიან წარმოდგენილნი. ხმალაძის თქმით, სამუშაო ჯგუფის არაერთმა წევრმა ეს წინადადება გაიზიარა და იგი, როგორც მინიმუმ, ერთ-ერთ ალტერნატივად იქნება განხილული.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფი დღევანდელ შეხვედრაზე პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაკავშირებით მსჯელობს. განხილვის თემაა პრეზიდენტის უფლებამოსილებები და მისი არჩევის წესი. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში მმართველი გუნდის მიერ უკვე წარდგენილია საკონსტიტუციო ცვლილებების სამუშაო ვარიანტი, რომლის მიხედვით პრეზიდენტის არჩევა ხდება პარლამენტის მიერ, სრული შემადგენლობის უმრავლესობით.