ექსპერტი ვახტანგ ხმალაძე საკონსტიტუციო კომისიას პრეზიდენტის არჩევას 300-კაციანი ამომრჩეველთა კოლეგიის მიერ სთავაზობს.
ხმალაძის წინადადებაა, ამომრჩეველთა კოლეგია დაკომპლექტდეს პარლამენტის 150 წევრისგან და 150 დელეგატისაგან, რომლებსაც აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი საბჭოები და საკრებულოთა გაერთიანებები აირჩევენ იმ პროპორციით, როგორი პროპორციითაც ამ საკრებულოებში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები იქნებიან წარმოდგენილნი.
„მე ყოველთვის მომხრე ვიყავი არაპირდაპირი არჩევნების წესისა და შესაბამისი წესი შევთავაზე საკონსტიტუციო კომისიას. ეს წესი გულისხმობს პრეზიდენტის არჩევას არა პარლამენტის მიერ, არამედ ე.წ. ამომრჩეველთა კოლეგიის მიერ, რომელიც შედგება პარლამენტის 150 წევრისაგან და 150 დელეგატისაგან, რომლებსაც აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი საბჭოები და საკრებულოთა გაერთიანებები აირჩევენ იმ პროპორციით, როგორი პროპორციითაც ამ საკრებულოებში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები იქნებიან წარმოდგენილნი. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტისა და საკრებულოების არჩევნები სხვადასხვა დროს ტარდება, პროპორცია პოლიტიკურ პარტიებს შორის პარლამენტსა და საკრებულოებში შეიძლება (და მაღალი ალბათობით ასეც იქნება) იყოს ერთი მეორისგან ფრიად განსხვავებული. ამდენად, ამრჩევთა სურათი იქნება უფრო გაწონასწორებული და მათი რაოდენობაც იქნება უფრო მეტი. შესაბამისად, ლეგიტიმაციის ხარისხი იქნება უფრო მაღალი“, - განაცხადა ხმალაძემ.
ვახტანგ ხმალაძის თქმით, საკონსტიტუციო კომისიის დღევანდელ სხდომაზე მის წინადადებაზე კენჭისყრა არ გამართულა, თუმცა სამუშაო ჯგუფის არაერთმა წევრმა იგი გაიზიარა.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფი დღევანდელ შეხვედრაზე პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაკავშირებით მსჯელობს. განხილვის თემაა პრეზიდენტის უფლებამოსილებები და მისი არჩევის წესი. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში მმართველი გუნდის მიერ უკვე წარდგენილია საკონსტიტუციო ცვლილებების სამუშაო ვარიანტი, რომლის მიხედვით პრეზიდენტის არჩევა ხდება პარლამენტის მიერ, სრული შემადგენლობის უმრავლესობით.