პირადად მე პრობლემას ვერ ვხედავ, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი იყოს უფრო კომპლექსური, ვიდრე მხოლოდ პარლამენტის მიერ არჩევა

პირადად მე პრობლემას ვერ ვხედავ, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი იყოს უფრო კომპლექსური, ვიდრე მხოლოდ პარლამენტის მიერ არჩევა

მე პირადად პრობლემას ვერ ვხედავ, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი იყოს ცოტა უფრო კომპლექსური, ვიდრე მხოლოდ პარლამენტის მიერ არჩევა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა, ვახტანგ ხმალაძის ინიციატივაზე კომენტირებისას განუცხადა.

"დღეს იყო შემოთავაზებული პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესის განსხვავებული ვერსია. არაპირდაპირი არჩევის ერთი გზაა, რომ პრეზიდენტი პარლამენტმა აირჩიოს. მეორე გზაა, რომ იყოს გარკვეული კომბინაცია, მაგალითად აჭარის უმაღლესი საბჭოს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მონაწილეობით, ანუ გარკვეული ორეტაპიანი სისტემა იყოს და არა მხოლოდ პარლამენტის წევრები, არამედ კიდევ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ერთობლივად ირჩევდნენ პრეზიდენტს. ჩვენ შევთანხმდით, რომ იდეის ინიციატორი წარმოადგენს ფორმულირებას და ჩვენ სამომავლოდ კიდევ მივუბრუნდებით ამ ნორმას", - განაცხადა ჩუგოშვილმა.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფი პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის იმდაგვარ წესზე მსჯელობს, რომლის მიხედვით, სახელმწიფოს მეთაურს პარლამენტის წევრების გარდა, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებიც აირჩევენ.

ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენლის, ეკა გიგაურის ინფორმაციით, ახალი მოდელი, რომელიც დღევანდელ შეხვედრაზე განიხილება, კომისიის წევრის, ვახტანგ ხმალაძის შეთავაზებაა. გიგაურის თქმით, მას შესაძლებელია მმართველი გუნდი დათანხმდეს.