რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების ეტაპობრივი აღდგენა სარგებელს მოუტანს კავკასიის რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სომხურ ჟურნალ Regional Post – Caucasus-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
მისი თქმით, რუსეთისა და თურქეთის ურთიერთობების კრიზისიდან გამოყვანა გაზრდის რეგიონში ნდობასა და ურთიერთგაგებას.
„ვიმედოვნებთ, რომ ანკარასთან ორმხრივით თანამშრომლობის ეტაპობრივი აღდგენა სარგებელს მოუტანს კავკასიის რეგიონში მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას“, - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ლავროვის განცხადებით, რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზება არ უნდა განიხილებოდეს როგორც პროცესი, რომელიც ზიანს მოუტანს სხვა სახელმწიფოებს.
„რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზება არ უნდა განიხილებოდეს როგორც პროცესი, რომელსაც შეუძლია ზიანი მოუტანოს სხვა სახელმწიფოებს. რუსეთს არ გააჩნია ფარული დღის წესრიგი. ჩვენ არ ვქმნით პოლიტიკურ და ეკონომიკურ ალიანსებს, რომლებიც მიმართულია მესამე მხარეების წინააღმდეგ“, - აღნიშნა სერგეი ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი მიესალმებოდა სომხეთ-თურქეთის საზღვრის გახსნას.
„დარწმუნებული ვარ, რომ სომხეთს და თურქეთს შეუძლიათ არსებული პრობლემების დარეგულირება. ბევრი რამე მათზეა დამოკიდებული. როდესაც ერევანი და ანკარა მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდებიან, რუსეთი მზად იქნება მათ ყველაზე აქტიური დახმარება გაუწიოს“, - დასძინა სერგეი ლავროვმა.