მევლუთ ჩავუშოღლუ:  ევროპა მალე წმინდა ომების ადგილი იქნება

მევლუთ ჩავუშოღლუ: ევროპა მალე წმინდა ომების ადგილი იქნება

ევროპა მალე წმინდა ომების ადგილი იქნება, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ჰოლანდიაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგების კომენტირებისას. აღნიშნულის შესახებ თურქული გამოცემა Hurriyet იუწყება.

„ჰოლანდიაში უამრავი პარტიაა, მაგრამ სოციალ-დემოკრატების და და ფაშისტი ვილდერსის მსოფლმხედველობა ერთმანეთს ემთხვევა. მათ ერთი და იგივე მენტალიტეტი აქვთ. სად მიჰყავთ ამ პოლიტიკოსებს ევროპა?“ - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, ამ პოლიტიკოსებმა ევროპის დაშლა დაიწყეს.

„თქვენ ევროპის დაშლა დაიწყეთ. თქვენ ევროპას უფსკრულისკენ მიათრევთ“, - აღნიშნა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

„შორს არ არის ის დღე, როდესაც ევროპაში წმინდა ომები დაიწყება. ყველაფერი ამისკენ მიდის. ასი წლის წინ კონტინენტზე უკვე ჰქონდა ადგილი ომებს. ევროპელებს სულ ცოტათი მაინც ნამუსი რომ ჰქონდეთ, ერთმანეთს თვალებში ვერ ჩახედავდნენ“, - დასძინა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.