ზაზა ხუციშვილი პრეზიდენტის კამპანიაზე

ზაზა ხუციშვილი პრეზიდენტის კამპანიაზე "კონსტიტუცია ყველასია" - ეს ნაადრევად დაწყებულ საარჩევნო კამპანიას მაგონებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაზა ხუციშვილის განცხადებით, პრეზიდენტის კამპანია ”კონსტიტუცია ყველასია” ნაადრევად დაწყებულ საარჩევნო კამპანიას ჰგავს.

”ეს ცოტა ნაადრევად დაწყებულ საარჩევნო კამპანიას მაგონებს, მაგრამ ამაში უკანონო არაფერია. სახალხო განხილვები დაანონსებული გვაქვს მმართველ გუნდს. როგორც კი დასრულდება მუშაობა, შემდეგ იწყება სახალხო განხილვები. ამიტომ, დღესდღეობით, როდესაც ყველა პუნქტზე შეთანხმება არ არის და პროექტიც არაა დადებული, ვერ გეტყვით სხვა რა ფუნქცია აქვს ამ შეხვედრებს. ეს მისი ნებაა და აქ ჩვენ არანაირი პრეტენზია არ გაგვაჩნია“, - განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.

დეპუტატის თქმით, მისი სურვილი იყო, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლებსაც მიეღოთ მონაწილეობა საკონსტიტუციო კომისიაში და ეს დღესაც არ არის გვიან.

”ძალიან ვწუხვარ, რომ ვერ მოხდა შეთანხმება. არ ვიცი ორივე მხრიდან იყო მაქსიმუმი თუ არა გაკეთებული იმისთვის, რომ ეს შეთანხმება მომხდარიყო, მაგრამ სასურველი იქნებოდა ერთიანი ძალებით ისეთი პროექტი მიგვეღო, რომელზეც შემდეგ აღარ იქნებოდა ზედმეტი საუბრები”, - განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა კამპანია "კონსტიტუცია ყველასია" დაიწყო. გიორგი მარგველაშვილი კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების მოსაზრებებს მოისმენს.