ირაკლი კობახიძე უკრაინის ელჩს იგორ დოლგოვს შეხვდა

ირაკლი კობახიძე უკრაინის ელჩს იგორ დოლგოვს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უკრაინის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იგორ დოლგოვს შეხვდა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.

მხარეების განცხადებით, მიმდინარე წელს საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წლისთავი აღინიშნება, რაც ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი და მყარი მეგობრობის შესახებ მეტყველებს.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ორ ქვეყანას ერთმანეთთან მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს და საქართველოს პარლამენტი მოწადინებულია, რომ ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გამყარდეს.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამ მიმართულებით აქტიურად იმუშავებს საქართველოს პარლამენტში არსებული მეგობრობის ჯგუფი, რომელიც გასულ კვირას დაკომპლექტდა და მას პარლამენტის წევრი გიორგი მოსიძე უხელმძღვანელებს.

ირაკლი კობახიძემ ელჩს საქართველოს ახლად არჩეული პარლამენტის საქმიანობა, მიმდინარე დღის წესრიგი და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობა გააცნო. აგრეთვე, პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ინსტიტუციური გაძლიერების, კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ფუნქციების საკითხზე.

”საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ეკონომიკური განვითარების, მართლმსაჯულების გაძლიერებისა და პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციის მიმართულებით გატარებულ და მიმდინარე რეფორმებს.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და უკრაინის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტრებში ინტეგრაციის პროცესი და ამ მხრივ ერთობლივ მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს მკაფიოდ გამოხატულ დასავლურ კურსს ადასტურებს 2016 წლის 29 დეკემბერს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია საგარეო პრიორიტეტების შესახებ. მისივე განცხადებით, საქართველოსთვის პრიორიტეტულია მჭიდრო ურთიერთობა მეგობარ უკრაინასთან.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ირაკლი კობახიძის თქმით, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გამშვები პუნქტების დახურვა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბორდერიზაციის პროცესი მნიშვნელოვნად აუარესებს უსაფრთხოების საკითხებსა და ჰუმანიტარულ მდგომარეობას.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველოსა და უკრაინას ბევრი მსგავსი გამოწვევა აქვთ და მათთან გასამკლავებლად ქვეყნებმა საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის, სხვადასხვა საპარლამენტო ფორუმებში, კოორდინირებულად უნდა იმოქმედონ.

თავის მხრივ, საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის აქტიურად მუშაობს უკრაინის პარლამენტში არსებული მეგობრობის ჯგუფიც.

ელჩის თქმით, განცხადებით, 26-29 მაისს, თბილისში დაგეგმილ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესია მნიშვნელოვანი ფორუმია, რომელსაც უკრაინის დელეგაციაც დაესწრება.

უკრაინის ელჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მიღებისა და კეთილი სურვილებისთვის მადლობა გადაუხადა.