გიორგი კვირიკაშვილი - სახელმწიფომ შეინარჩუნა სტაბილურობა ისე, რომ არ გადათელა ადამიანები

გიორგი კვირიკაშვილი - სახელმწიფომ შეინარჩუნა სტაბილურობა ისე, რომ არ გადათელა ადამიანები

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სახელმწიფომ შეინარჩუნა სტაბილურობა ისე, რომ არ გადათელა ადამიანები და არ გამოვარდა სპეცრაზმი, როგორც ადრე არაერთხელ მომხდარა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განუცხადა.

მისი თქმით, არავინ უნდა მოტყუვდეს მათუ ჰუმანური სახით და ნურავინ შეეცდება სახელმწიფოში სტაბილურობის შერყევას, რადგან სახელმწიფოს პასუხი იქნება ძალიან მკაცრი, როგორც შეიძლება ზღვარი გადასცდეს წითელ ხაზს. 

„სხვათა შორის, ისიც ზუსტად ვიცით, როგორ ცდილობდნენ პოლიტიკოსები მუხტის შენარჩუნებას დილამდე და ჩვენ თუ ამას გავაკეთებდით, ისინი, შესაძლოა, დილამდე მუხტის შენარჩუნებას შეძლებდნენ. თუმცა, პროტესტის მუხტი ქვეყანაში არ არსებობს და სწორედ ეს გახდა ამ პოლიტიკოსების კრახის მიზეზი. მათ დაინახეს, რომ ვერ მიაღწიეს საწადელს და ძალიან უსინდისოდ დაიწყეს ისრების გადმოტანა მთავრობაზე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პირდაპირ ჩანდნენ ორგანიზატორები და ისმოდა მათი მოწოდებებიც. "ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" ერთი ნაწილი, რომელიც პირდაპირ აქეზებდა ხალხს, თამაშობდა ადამიანების ემოციებზე. მათ მოინდომეს ის, რაც მოინდომეს, მაგრამ არ გამოუვიდათ და სრული კრახით დასრულდა. დავინახეთ, როგორ ცდილობდნენ თბილისში, რუსთავში, ქუთაისში ხალხის შეკრებას და 20-25 ადამიანზე მეტი ვერ მოიყვანეს. მათ გააკეთეს აბსოლუტურად უსინდისო განმარტებები და მთლიანი პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა, მათ კისერზეა. დაველოდებით გამოძიებას. რა ვერსიას იხილავს გამოძიება, ნამდვილად არ ვიცი და არ ვერევი ამ საქმეში. გამოძიება, რა თქმა უნდა, გააკეთებს თავის საქმეს, მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამაზე მთლიანად ეკისრება ამ პოლიტიკოსთა ჯგუფს, რომლებიც მოქმედებენ დევიზით - თუ ჩვენ არ ვიქნებით ხელისუფლებაში, ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა ქვეყანაში. ეს არის მათი დევიზი და არ გამოუვათ, რადგან ხალხი არის ჩვენს მხარეს",- აღნიშნა პრემიერმა.