საგამოძიებო ორგანოში დაკითხვაზე მოწმის სტატუსით ვიყავი, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "კორუფციასთან ბრძოლის" საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა მერაბ ღოღობერიძემ ჟურნალისტებს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დატოვების შემდეგ განუცხადა, სადაც შეუძლოდ გახდომის გამო, აჭარის პოლიციის სამმართველოდან გადაიყვანეს.
როგორც ღოღობერიძემ განმარტა, გამოძიებას ენდობა, თუმცა აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კახა ბუხრაძის გადაყენებას ისევ ითხოვს.
"მე ვენდობი გამოძიებას და შესაბამისად, ვფიქრობ, რომ სწორ დასკვნებს დადებს. რაც შეეხება ჩემ დაკითხვას, შეუძლოდ გავხდი და შევწყვიტე პროცესი, თავად გადმოვედი საავადმყოფოში. დასაკითხად მოწმის სტატუსით ვიყავი დაბარებული. რასაც მოვითხოვდი, იმასთან დაკავშირებით მეკითხებოდნენ. კახაბერ ბუხრაძის გადადგომას დღესაც მოვითხოვ, რადგან აჭარაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა და ორივე მხარემ უნდა გაითვალისწინოს. დღეს ვანდალიზმზე საუბრობენ, მაგრამ ბუხრაძემ უფლებამოსილებას გადააჭარბა და მისი გადადგომისთვის მუშაობას დავიწყებთ, ჩემ კოლეგებთან ერთად. ჩემი ბრალეულობის საკითხი არანაირად არ იკვეთება," - განაცხადა მერაბ ღოღობერიძემ.
მერაბ ღოღობერიძეს სოციალურ ქსელებში გავრცელებული მისივე სტატუსების გამო ბათუმში, 11-12 მარტს გამართული აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორად ასახელებდნენ. თუმცა, ღოღობერიძე აღნიშნულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს და აღნიშნავს, რომ „აქციის ორგანიზატორი იყო ქართველი ხალხი“ და თუ ვინმეს აქვს მის წინააღმდეგ კონკრეტული მტკიცებულებები, გაასაჯაროოს.