თურქეთი არასოდეს ცდილობდა ჩარეულიყო ევროპული ქვეყნების შიდა საქმეებში, მაგრამ თუ ევროპა განაგრძობს ორმაგი სტანდარტების პოლიტიკის გატარებას, მაშინ სიტუაცია შესაძლოა შეიცვალოს, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ.
აღნიშნულის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
მინისტრის თქმით, ევროპა თურქეთში 16 აპრილისთვის დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმის აგიტაციურ კამპანიში ჩარევას ცდილობს.
„ევროპაში თვლიან, რომ ევროპის ქვეყნებში მცხოვრები თურქების ხმებმა შეიძლება სერიოზული გავლენა მოახდინონ რეფერენდუმის შედეგებზე და ცდილობენ შეფერხებები შეუქმნან რეფერენდუმის მომზადების პროცესს. ევროპელებს არ უნდა გაუკვირდეთ თუ ყველაფერ ამას უკუეფექტი ექნება“, - აღნიშნა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მინისტრის განცხადებით, თუ ანკარა ევროკავშირის რომელიმე წევრ ქვეყანაში რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის მხარდაჭერას დაიწყებს, ევროპელები იგრძნობენ მრავალმილიონიანი თურქული დიასპორის ძალას.
„თუ ევროპელები განაგრძობენ თურქეთის შიდა საქმეებში ჩარევას, ჩვენც დავიწყებთ ამის გაკეთებას. ანუ, ჩვენც შეგვიძლია მათთან მათ ენაზე საუბარი. თურქეთს შეუძლია ევროპას იგივე ხურდა დაუბრუნოს, მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ ეს არ არის სწორი გზა“, - დასძინა მევლუთ ჩავუშოღლუმ.