ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევის კონკურსს სამწუხაროდ, ხელმძღვანელობს იუსტიციის მინისტრი, რომელსაც არ აქვს ის უნარ-ჩვევები, რომელიც ამ კონკურსის გამართვას სჭირდება, - ამის შესახებ მოძრაობა „თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს’’ წევრმა ოთარ კახიძემ სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც ოთარ კახიძემ აღნიშნა, თეა წულუკიანი პოლიტიკური სიძულვილითაა გამსჭვალული ოპონენტების მიმართ და ყველა ის პირი, რომელიც ,,ნაციონალური მოძრაობის’’ ხელისუფლებაში ყოფნის დროს სხვადასხვა თანამდებობაზე იყო მას პირად მტრად მიაჩნია.
„ცხადია, ის ვერ ახერხებს მიუკერძოებელი კონკურსის ორგანიზებას. აგრეთვე, იგი, როგორც მენეჯერი არ გამოირჩევა ნიჭიერებით და შესაბამისად, ვერ მართავს ამ პროცესს იმგვარად, რომ სტრასბურგმა ერთხელ უკვე მოგვიბრუნა სია, რაც დიდი სირცხვილი იყო ჩვენი ქვეყნისთვის. მენეჯმენტში არის როგორც ჩანს პრობლემები და ეს პოლიტიკოსი ქალბატონი ვერ ართმევს თავს დაკისრებულ ელემენტარულ მოვალეობასაც კი’’,- განაცხადა ოთარ კახიძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.