”თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელი მდივანი ლევან სამუშია ევა გოცირიძის მიერ სტრასბურგის სასამართლოს კრიტიკას შემაშფოთებელს უწოდებს.
როგორც სამუშიამ განაცხადა, ”რუსთავი 2“- ის საქმესთან დაკავშირებით იუსტიციის საბჭოს წევრის განცხადება, სრულ თანხვედრაშია ბოლო დროს “ქართული ოცნების” ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ გამოთქმული პრეტენზიებზე, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთან მიმართებაში.
”ქალბატონი გოცირიძის მხრიდან კრიტიკა შეიძლება ჩაითვალოს, როგორც, ერთი მხრივ, დაინტერესებული მხარის განცხადებად, ხოლო, მეორე მხრივ, ადამიანისა, რომელიც ევროპის საბჭომ, როგორც მოსამართლეობის კანდიდატი დაიწუნა და ის აკრიტიკებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. გოცირიძის განხადებით, თურმე ევროპის სასამართლოს მიერ გამოტანილი განცხადება ”რუსთავი 2“- ის საქმესთან დაკავშირებით სცილდება ხსენებული სასამართლოს კომპეტენციას. ძალიან უხერხულია ევროპული სასამართლოს მიმართ კრიტიკის მოსმენა იმ ადამიანისაგან, რომელსაც პრეტენზია გააჩნდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლობაზე და კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით ევროპის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სისწორეში ქალბატონ გოცირიძესთან მიმართებაში.
გოცირიძე საუბრობს, რომ ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება გააძლიერებს მხარეთა ნიჰილიზმს და იმედს გაუცრუებს ქართულ საზოგადოებას სამართლიანობის აღდგენისადმი მის მისწრაფებაში, რისი ლეგიტიმური მოლოდინიც გააჩნია ქართულ სამართლებრივი სისტემისაგან და აღსრულების შეჩერება მსუსხავ ეფექტს იქონიებს მართლმსაჯულების ეფექტიანობაზე, საკუთრების უფლებასთან დაკავშირებულ ყველა დავაზე.
მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება იმაზე, თუ როგორ აპელირებს ,ქართული ოცნება“ და მისი შემადგენელი ნაწილი - ქალბატონი გოცირიძე საკუთრების უფლებაზე. ზოგადად, ბოლო პერიოდში, დიდია მსგავსება ,ქართული ოცნება“ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირთა გზავნილებსა და მოწოდებებში და გოცირიძის დღევანდელ განცხადებაში.
თუ რაიმე აბრკოლებს სასამართლოს საქართველოში ეს არის მისი პოლიტიზებულობა და მართვა პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან და არა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც პირიქით, ამკვიდრებს სამართლიანობის განცდას ჩვეს საზოგადოებაში.
ხელისუფლების მხრიდან მსგავსი ტიპის განცხადებები ადამიანის ევროპულ, სასამართლოსთან მიმართებაში არის ძალიან საგანგაშო და საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს“ , -განაცხადა ლევან სამუშიამ.