საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ”რუსთავი 2-თან” დაკავშირებით პრესაში ოპოზიციის ხმების ჩახშობის მცდელობას ჰგავს, - ამის შესახებ ”ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში სენატორმა ჯონ მაკკეინმა განაცხადა.
„ღრმად ვარ შეშფოთებული იმით, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება „რუსთავი-2“-თან დაკავშირებით ჰგავს პრესაში ოპოზიციის ხმების ჩახშობის მცდელობას და ქვეყანაში მოქნილი, პლურალისტური და ღია მედიის არსებობის შეზღუდვას“, - ნათქვამია სენატორის წერილობით კომენტარში.
სენატორი ასევე დასძენს, რომ მას ღრმად სჯერა დემოკრატიის მშენებლობაში თავისუფალი მედიის მნიშვნელობის.
„როგორც წარსულშიც მითქვამს, ღრმად მწამს იმის, რომ თავისუფალი და ღია პრესა დემოკრატიის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია და უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ ნებისმიერმა დემოკრატიამ წარმატებას მიაღწიოს”, - აღნიშნა მაკკეინმა.
სენატორი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას შეინარჩუნოს პლურალისტური მედია გარემო.
„კეთილგანწყობით მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას შეინარჩუნოს პლურალისტური მედია გარემო იმისთვის, რომ საქართველოში ყველას ხმის გაგონება იყოს შესაძლებელი“, - აცხადებს სენატორი მაკკეინი.