გამოძიებამ უკვე დაამტკიცა და გამოააშკარავა, რომ ელისაშვილი იაფფასიანი მატყუარაა

გამოძიებამ უკვე დაამტკიცა და გამოააშკარავა, რომ ელისაშვილი იაფფასიანი მატყუარაა

დასამტკიცებელი აღარაფერია! გამოძიებამ უკვე დაამტკიცა და გამოააშკარავა, რომ ელისაშვილი იაფფასიანი მატყუარაა, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია, თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელ კანდიდატ ალეკო ელისაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ალეკო ელისაშვილი აღნიშნავს, რომ თავისი სიმართლის დამტკიცებას ბოლომდე ეცდება.

ბესელიას თქმით, ის კიდევ უფრო გამოააშკარავებს საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს. ”ელისაშვილის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე სასამართლო მიმდინარეობს. მხდალი და ყველაფრისმკადრებელი ელისაშვილის განწირულ კომენტარებზე სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ ვისაუბროთ. მთელი ცხოვრება ადვოკატი ვიყავი და ვიცი, რას ნიშნავს უკანონობაზე რეაგირების აუცილებლობა. ვერ მივაჩვევ ვერც მას და ვერც სხვას ცილისწამებას და რამდენჯერაც გაბედავს ამას, იმდენი სასამართლო ექნება!

რაც შეეხება ჩემს მოთხოვნას: 41000 ლარი სიმბოლური 41-თან ასოცირებული ციფრია, რასაც ორივე ცილისმწამებლისგან ვითხოვ და ამ თანხას მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს ჩავურიცხავ. დასამატკიცებელი აღარაფერია! გამოძიებამ უკვე დაამტკიცა და გამოაშკარავა, რომ ელისაშვილი იაფფასიანი მატყუარაა. როცა გამოძიება ჩატარდა, მისი ყველა სიცრუე აშკარა და საჯარო გახდა. ყველამ დაინახა, რა ამაზრზენად ცრუობდა. ვერ გაბედა ვერცერხელ პირდაპირ ეთერში ჩემთან შეხვედრა”, - განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, საქმეს ბოლომდე მიიყვანს და ალეკო ელისაშვილი ბოდიშს მოიხდის. „ველოდები სასამართლოს გადაწყვეტილებას და მერე ვისაუბროთ ვინ არის ის, ვისგან ფინანსდება, ვის დავალებას ასრულებს. ასჯერ რომ დამჭირდეს სასამართლო პროცესზე, ასჯერ მივიყვან და პასუხს ვაგებინებ, ბოდიშსაც მოიხდის და მთელი ცხოვრება რომ დამჭირდეს, ბოლომდე მივიყვან დაწყებულ საქმეს. სხვათა დაცვისთვის პრეცედენტებსაც შევქმნი.

მართალია, სასამართლო ძალიან გვიან დაინიშნა და ცდილობს თავად, გააჭიანუროს, მაგრამ რამდენი ხანიც არ უნდა დამჭირდეს, იმდენი დრო მექნება მას რომ პასუხი ვაგებინო კანონის მიხედვით. ეტყობა ვერ გაიაზრა, რომ არასოდეს ვიხევ უკან და არც არასოდეს ვჩერდები, როცა მართალი ვარ! ხომ ნახეთ ვინ არის ელისაშვილი?! კიდევ უფრო მეტად გამოვააშკარავებ მას და იმ განცხადებებსაც მოვიკითხავ, სადაც არაერთი პატიმარი უჩიოდა მექრთამეობისთვის და პროკურატურაშია ეს საჩივრები გადაგზავნილი. რაში იღებდა იმ ჰონორარებს პრეზიდენტის ფონდიდან ან როგორ ხარჯავდა სახელმწიფოს ბიუჯეტის ფულს. ყველაფერზე მოუწევს პასუხის გაცემა”, - განაცხადა ბესელიამ.

ალეკო ელისაშვილის თქმით, ის ბოლომდე ეცდება თავისი სიმართლის დამტკიცებას და თუ საქალაქო სასამართლო მისთვის არასასურველ გადაწყვეტილებას გამოიტანს, ის ზედა ინსტანციებში გაასაჩივრებს. ”რაც შეეხება მოთხოვნას, 20 500 ლარად რომ უღირს თავისი ღირსება და მორალი ბესელიას, ჩემგან ითხოვს ბოდიშს და 20 500 ლარს, მექრთამეებს არც ბოდიშს ვუხდი და არც ბესელიასთვის მისაცემი 20 500 ლარი მაქვს. რომც მქონდეს ეკა ბესელიას არაფერს გადავუხდიდი. თუმცა მე ბოლომდე ვეცდები ჩემი სიმართლის დამტკიცებას. ჯერ არ მიუღია ქვედა ინსტანციას გადაწყვეტილება. თუ ჩემთვის არასასურველი გადაწყვეტილება იქნება, უზენაეს სასამართლომდე ვივლი და სტრასბურგამდე, მაგრამ გამორიცხულია მექრთამეს ბოდიში მოვუხადო”, - განაცხადა ელისაშვილმა.

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ეკა ბესელიას და მანანა კობახიძეს, პატიმრების შეწყალების სანაცვლოდ ქრთამის აღებაში ადანაშაულებს. როგორც ელისაშვილი აცხადებს, დეპუტატები ხშირად უკავშირდებოდნენ მას და სთხოვდნენ კონკრეტული პატიმრების შეწყალებაზე პრეზიდენტთან რეკომენდაციის გაწევას.