დეპუტატი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ბათუმის მოვლენებში ადეკვატურად და დროულად ჩაერია

დეპუტატი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ბათუმის მოვლენებში ადეკვატურად და დროულად ჩაერია

დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ბათუმში განვითარებულ მოვლენებში ხელისუფლება დროულად ჩაერია და შეძლო, შესაძლო მსხვერპლის თავიდან არიდება.

ჩუგოშვილის თქმით, "ხელისუფლება ბათუმის მოვლენებში ჩაერია იმდაგვარად, რომ თავიდან აეცილებინა კონფლიქტის მეტი ესკალაცია.

"იყო სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ დროულად არ იმოქმედა ხელისუფლება, ვფიქრობ, ეს იყო ტაქტიკური გადაწყვეტილება იმიტომ, რომ შეიძლებოდა მსხვერპლი მოჰყოლოდა ამ ყველაფერს, მთავარია, რომ ეს ჩვენ თავიდან ავიცილეთ. რაც შეეხება იმას, თუ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან, მე ამაზე ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები იყვნენ ამ აქციაში ცართული, ეს თავიდანვე იყო განსაზღვრული თუ მოგვიანებით მოხდა ამას ვიტყვი, ეს გამოზიებამ უნდა დაადგინოს",-განაცხადა ჩუგოშვილმა.

ბათუმში ვითარება 11 მარტს საღამოს ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტისას დაიძაბა. პოლიციამ 2 მოქალაქე მას შემდეგ დააკავა, რაც პატრულის თანამშრომელმა ერთ-ერთი მათგანი დააჯარიმა, რასაც იქ მყოფ მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით, პოლიციამ აქციაზე კიდევ 4 პირი დააკავა. მოგვიანებით აქციამ აჭარის შს სამმართველოსთან გადაინაცვლა, სადაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აქციის მონაწილეები პოლიციის ეზოში შეჭრას ცდილობდნენ, რის შემდეგაც სპეცდანიშნულების რაზმმა აქციაზე ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 225-ე და 353-ე პრიმა მუხლებით დაიწყო, რაც მასობრივ არეულობასა და პოლიციელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე და ოთხიდან შვიდ წლამდე.