ლტოლვილთა ბანაკების განთავსების საკითხი საქართველოს ხელისუფლებასთან არასდროს განხილულა

ლტოლვილთა ბანაკების განთავსების საკითხი საქართველოს ხელისუფლებასთან არასდროს განხილულა

საქართველოში ავსტრიის ელჩის არად ბენკოს განცხადებით, ლტოლვილთა ბანაკების საქართველოს ტერიტორიაზე განთავსების საკითხი საქართველოს ხელისუფლებასთან არასდროს განხილულა.

როგორც ელჩმა ”კვირის პალიტრას” განუცხადა, ევროკავშირის გარეთ ლტოლვილთა ბანაკების განთავსების საკითხი საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ბოლო რამდენიმე თვეა განიხილება და ამ კონტექსტში საქართველო გაჟღერებული იყო როგორც იდეა და არა კონკრეტული შეთავაზება. ელჩის თქმით, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის, სებასტიან კურცის განცხადება ამ საკითხზე რუსულმა მედიამ სათავისოდ გამოიყენა და ეს საკითხის ვიზალიბერალიზაციის პროცესს მიაბა.

”ევროკავშირის გარეთ ლტოლვილთა ცენტრის შექმნის იდეა არც ახალია და არც ავსტრიული ექსკლუზივი - ეს იდეა რამდენიმე თვეა ბრიუსელში მინისტრების დონეზე განიხილება, მაგრამ რაც შეეხება საქართველოს, ეს გახმაურდა როგორც იდეა, კონკრეტული შეთავაზება… ვიზალიბერალიზაცია არის ჩვენ მიერ საქართველოს ევროპულობის კიდევ ერთი აღიარება. რაც შეეხება ლტოლვილთა ბანაკს, ეს იყო მხოლოდ იდეა, არავითარი კონკრეტული შეთავაზება არ ყოფილა, არასდროს განგვიხილავს ეს საქართველოს მთავრობასთან და არასდროს გვიმსჯელია, რა მოჰყვებოდა, თეორიულად, ლტოლვილთა ბანაკის შექმნას საქართველოში - აქამდე არც კი მისულა საქმე! ვწუხვარ, რომ რუსულმა მედიამ ეს ყველაფერი სათავისოდ გამოიყენა, მაგრამ ცალსახად და გადაჭრით გეუბნებით - ამას არაფერი აქვს საერთო ვიზალიბერალიზაციასთან”, - განაცხადა საქართველოში ავსტრიის ელჩმა არად ბენკომ.