აღსრულების მექანიზმების შეჩერების პირობებში, საკუთრების უფლების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების რისკს ვხედავ

აღსრულების მექანიზმების შეჩერების პირობებში, საკუთრების უფლების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების რისკს ვხედავ

აღსრულების მექანიზმების შეჩერების პირობებში საკუთარების უფლების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების რისკს ვხედავ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ “რუსთავი 2”- ის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის შესაძლო მიმართვის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში “მაუწყებლობის შესახებ” კანონი სულ რამდენიმე ხნის წინ შეიცვალა, ტელევიზიების დარეგისტრირება შეიძლება 10 დღეში და ბოლო წლებში რამდენიმე ათეული ტელევიზია დარეგისტრირდა.

“ამ შემთხვევაში სიტყვის თავისუფლების პრიორიტეტის დაყენება საკუთრების თავისუფლების წინაშე, ჩემთვის ცოტა გაუგებარია და ვთვლი, რომ არის რისკების შემცველი. მე, როგორც ეკონომიკის სწრაფ ზრდაზე პასუხისმგებელი ადამიანი, ვამბობ, რომ ჩვენთვის ძალზე სახიფათო და რისკის შემცველია აღსრულების ინსტრუმენტებისა და მექანიზმების მსგავსი შეჩერება, რასაც შეიძლება მომავალში საკუთრების უფლების რისკის ქვეშ დაყენების რაღაც პოტენციალი გააჩნდეს. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც კანონმდებლობა ახალი ტელევიზიის დარეგისტრირების საშუალებას იძლევა 10 დღეში, როდესაც ბოლო 4 წლის განმავლობაში რამდენიმე ათეული ტელევიზიაა დარეგისტრირებული, როგორც მსხვილი, ასევე რეგიონული, აქ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები მე არ მესმის, თუმცა აღსრულების მექანიზმების შეჩერების პირობებში საკუთრების უფლების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების რისკს ვხედავ, ამიტომ ვთვლი, ის დისკრეცია, რომელიც სახელმწფოს აქვს აბსოლუტურად კანონიერი, მას შეუძლია და ლეგიტიმური უფლება აქვს გამოიყენოს, რა მიმართულებითაც უნდა”, - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, ეკონომიკური განვითარების იმ ეტაპზე, რომელზეც ვიმყოფებით, როდესაც ინვესტიციების მოზიდვის აქტიურ ეტაპზე ვართ, საკუთრების უფლების აღსრულების მექანიზმების შეჩერება, არის “ძალზე რისკისშემცველი”.