ისნის რაიონში ინტენსიური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

ისნის რაიონში ინტენსიური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

ისნის რაიონში საგზაო-სარეაბილიტაციო  და კეთილმოწყობის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ხორციელდება მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ვაზისუბნისა და მეტრომშენის დასახლებების დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო გზის მშენებლობას ითვალისწინებს. გზის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოები ხორციელდება, ასევე, გონაშვილის ქუჩაზე, სადაც მოიხსნა გზის ამორტიზებული საფარი და ასფალტი  2600 კვ.მ-ზე იგება.

ისნის რაიონში მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი დავით ნარმანია ისნის რაიონის გამგებელთან ვახტანგ ქიზიყურაშვილთან, პარლამენტისა და საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატებთან  ერთად გაეცნო.

„ისნის რაიონში ინტენსიურად მიმდინარეობს  სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და  სამშენებლო  სამუშაოები. მოსახლეობის საჭიროებისა და  შემოსული განცხადებების გათვალისწინებით,  შენდება გზები, ხორციელდება საბავშვო სპორტული მოედნების კეთილმოწყობა. ერთ-ერთი გზის მონაკვეთი, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, არის ახალი გზა, რომელიც ვაზისუბანს  ავლაბრის მიმართულებასთან დააკავშირებს.  ეს არის სტრატეგიული გზა, რომელიც ამ უბნის განვითარებისა და, ამავე დროს, ქალაქის საცობებისგან განტვირთვის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია“- განაცხადა დავით ნარმანიამ.

ვაზისუბნისა და მეტრომშენის დასახლებების ერთმანეთთან დამაკავშირებელი  ახალი  საავტომობილო გზა 584-მეტრიან მონაკვეთში შენდება. პროექტის თანახმად,  გზის რთული რელიეფის გამო, მოეწყო საყრდენი კედლები და სანიაღვრე ქსელი. ამ ეტაპზე მიწის მოჭრისა  და  გზის მოხრეშვის სამუშაოები დასრულებულია და მიმდინარეობს  ბორდიურების მოწყობა.მათი მოწესრიგების შემდეგ,   დაიგება გზის ორფენიანი საფარი  და დამონტაჟდება გარე განათება.

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს აღნიშნული დასახლებების დაკავშირებას კახეთის გზატკეცილთან და მნიშვნელოვნად განტვირთავს ვაზისუბნის დასახლებაში ავტოტრანსპორტის ნაკადს.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პარალელურად,  კეთილმოწყობის სამუშაოები რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება.

მიმდინარეობს ათამდე სპორტული მოედნის რეაბილიტაცია. ვაზისუბნის პირველი  მიკრორაიონის N17 კორპუსის მიმდებარედ,  დაწყებულია ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები.

ამასთან, იალბუზის ქუჩაზე ხორციელდება  საყრდენი კედლის  რეაბილიტაცია. კედელი  მწვავე ავარიულ მდგომარეობაში იყო, იშლებოდა და საავტომობილო გზაზე აფერხებდა ტრანსპორტის მოძრაობას. სამუშაოს ფარგლებში,  მოეწყო რკინა-ბეტონის კონსტრუქციის კედელი და მოპირკეთდა ტუფის ქვით.