მერმა დამსაქმებელთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

მერმა დამსაქმებელთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

თბილისის მერი დავით ნარმანია, მოადგილეებთან ირაკლი ლექვინაძესთან და ნატო ქიტიაშვილთან ერთად, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი და პარტნიორი  კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი დედაქალაქში მიმდინარე პროექტებსა  და სამომავლო გეგმებს შეეხო.

თბილისის მერმა შეხვედრაზე დამსწრე ბიზნესმენებს ინფორმაცია ქალაქის გენერალური გეგმის, საგზაო ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო პროექტების შესახებ მიაწოდა.

თბილისის  მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ქალაქის მერია აქტიურად განიხილავს ყველა იმ  საკითხს, რაშიც ბიზნეს სექტორს მხარდაჭერა სჭირდება.

„ვაგრძელებთ აქტიურ კომუნიკაციას ბიზნეს სექტორთან,  რათა მათთან ერთად განვიხილოთ ის საკითხები, რაც თბილისის მერიის რეგულირების სფეროს განეკუთვნება და რაშიც ბიზნეს სექტორს ჩვენი მხარდაჭერა  სჭირდება. ჩვენ  მათ ძირითადად  საინვესტიციო პროექტებსა და რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებს ვაცნობთ, რომლის შემდეგაც კონკრეტულ საკითხებსა და საჭიროებებზე, შესაბამისი სამსახურების მხრიდან მიმდინარეობს მუშაობა, რათა არც ერთი საკითხი არ დარჩეს განუხილველი“,- განაცხადა დავით ნარმანიამ. 

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტის ელგუჯა მელაძის თქმით, ასოციაცია თბილისის მერიასთან აქტიურად თანამშრომლობს.

„დღევანდელი შეხვედრა იყო განხილვა იმ გენერალური გეგმის კონცეპტუალური თემებისა, რაც  თბილისის მერიას აქვს და რომელიც უნდა იცოდეს ბიზნესმა, რათა დაგეგმონ მათი მონაწილეობა და ჩართულობა ამ პროექტების რეალიზებაში“,- განაცხადა ელგუჯა მელაძემ.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი და პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრას ქონების მართვის სააგენტოს უფროსი კარლო ლაფერაძე, არქიტექტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ზურაბ წიკლაური, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო  სამსახურის უფროსი გოგა წერეთელი და ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი კახა გვანცელაძე ესწრებოდნენ.