ე.ი. რა გამოდის - კობახიძემ ჯერ თავისი სადიპლომო ნაშრომი უნდა დაწეროს და მერე ჩვენ ყველამ ხელი უნდა მოვუწეროთ?

ე.ი. რა გამოდის - კობახიძემ ჯერ თავისი სადიპლომო ნაშრომი უნდა დაწეროს და მერე ჩვენ ყველამ ხელი უნდა მოვუწეროთ?

ექსპერტი გია ხუხაშვილი მმართველ გუნდს ”მიამიტურ დამოკიდებულებაში” ადანაშაულებს, პრეზიდენტის მიერ წამოწყებულ კამპანიასთან - ”კონსტიტუცია ყველასია” დაკავშირებით.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” გია ხუხაშვილმა განუცხადა, ხელისუფლება ”ოდნავ ადეკვატური” რომ იყოს, ამ პროცესში ჩაერთვებოდა. ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის დაწერის პროცესში აუცილებელია ხალხი იყოს ჩართული, რაც არ ხდება.

”ხელისუფლების მხრიდან ძალიან მიამიტურია გამონათქვამები, რომ ძალიან გაკვირვებულები არიან. საინტერესოა, რითი არიან გაკვირვებულები, რომ პრეზიდენტი თავის ხალხს ელაპარაკება? ეს თუ მათ გაოცებას იწვევს, მაშინ დიდი პრობლემა გვქონია. თუ პარლამენტს უკვირს, რომ დამკვეთის ანუ ხალხის აზრი გაიგოს, მაშინ ჩვენ დიდ შარში ვართ ყველა ერთად. პარლამენტი ამ პროცესს უდგება ფორმალური გაგებით. ისინი ამბობენ, ჩვენ ამ ყველაფერს დავწერთ და მერე გადავაგდებთ საზოგადოებაში და ვისაც მოწონს ხომ კარგი და ვისაც არა - ჯანდაბას იმათი თავი. ეს არის საზოგადოებრივი პროცესი, რომელშიც თვითონ უნდა მონაწილეობდნენ ოდნავ ადეკვატურები რომ იყვნენ. ე.ი. რა გამოდის - კობახიძემ ჯერ თავისი სადიპლომო ნაშრომი უნდა დაწეროს და მერე ჩვენ ყველამ ხელი უნდა მოვუწეროთ? ეს მიაჩნიათ ჯანსაღად? ჯანსაღი პროცესია დიალოგში ამის კეთება”, - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტი ცდილობს, რომ მოისმინოს ხალხის აზრი და დიალოგის შედეგად შესრულდეს დამკვეთის ანუ ხალხის მოთხოვნა, თუ როგორ ქვეყანაში უნდა ცხოვრება.

”საკონსტიტუციო პროცესი არ არის ცალმხრივი პროცესი. მე ჩემი სადიპლომო ნაშრომი წარმოვადგინო და მერე ვკითხო სხვებს კარგია თუ ცუდია, არასწორია. სანამ შენ დოკუმენტს დაწერ, მანამდე უნდა დაელაპარაკო ხალხს - რა გვინდა ყველას ერთად, როგორი და რანაირი მოწყობის ქვეყანა გვინდა? ეს არის სწორი და პრეზიდენტი სწორედ ამას აკეთებს. მას არ აქვს არანაირი პრეტენზია, რომ თვითონ შექმნას დოკუმენტი. ის ცდილობს, რომ მოისმინოს ხალხის აზრი და დიალოგის შედეგად შესრულდეს დამკვეთის ანუ ხალხის მოთხოვნა თუ როგორ ქვეყანაში უნდა ცხოვრება. პრეზიდენტის კამპანია არის საზოგადოებრივი პროცესი და ამის შესაძლებლობა ნებისმიერ ადამიანს აქვს”, - აღნიშნა ხუხაშვილმა.