პარლამენტში ინიცირებული “უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი სტუდენტთა უფლებებსა და მათ მიერ უნივერსიტეტის მართვის პროცესებს ეხება

პარლამენტში ინიცირებული “უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი სტუდენტთა უფლებებსა და მათ მიერ უნივერსიტეტის მართვის პროცესებს ეხება

პარლამენტში ინიცირებულია “უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი, რომელიც სტუდენტთა უფლებებსა და უნივერსიტეტის მართვის პროცესებში მათ მონაწილეობას ეხება. 

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორია პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში. 

“უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ოთხ ძირითად ცვლილებას ითვალისწინებს. 

პირველი, ეს ეხება უფლებას, ყველა სტუდენტი პირდაპირი წესით იყოს არჩეული ფაკულტატურ საბჭოში. 

ცვლილების თანახმად, არა მხოლოდ ბაკალავრიატის სტუდენტებს, არამედ მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებსაც მიეცემათ უფლება, იყვნენ არჩეული სენატში და ფაკულტატურ საბჭოებში პროპორციულად, იმის მიხედვით, თითოეულ საფეხურზე რამდენი სტუდენტიც სწავლობს. 

ყველა სტუდენტს ენიჭება უფლება, თანაბარი წვდომა ჰქონდეს უნივერსიტეტის ინდივიდუალური და ერთობლივი სტუდენტური ინიციატივების დაფინანსებაზე. 

ცვლილება ხორციელდება “უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის 45-ე მუხლში, რომელიც სტუდენტთა თვითმმართველობას ეხება. 

სტუდენტთა ერთი ჯგუფის მოთხოვნა, სტუდენტური თვითმმართველობების გაუქმების თაობაზე პროექტით გათვალისწინებული არ არის. კანონპროქტის თანახმად, თითოეული უნივერსიტეტის დონეზე დარჩება სტუდენტების წარმომადგენლობის ერთი წამყვანი ორგანიზაცია, რომელიც უნდა აირჩიოს სტუდენტების არანაკლებ 10%-მა. პროექტით შეთავაზებულია სტუდენტთა მთავარი (უნივერსიტეტის დონეზე მხოლოდ ერთი) წარმომადგენლობითი გაერთიანებების შესაძლო სახეები: სტუდენტური თვითმმართველობა, სტუდენტური ასამბლეა, სტუდენტური საბჭო, სტუდენტური კლუბი.