ეჭვი მეპარება, რომ ხელისუფლებას აქვს უნარი გამოიტანოს გაკვეთილები მისივე მცდარი გადაწყვეტილებებიდან

ეჭვი მეპარება, რომ ხელისუფლებას აქვს უნარი გამოიტანოს გაკვეთილები მისივე მცდარი გადაწყვეტილებებიდან

ეჭვი მეპარება, რომ ხელისუფლებას აქვს უნარი გამოიტანოს გაკვეთილები მისივე მცდარი გადაწყვეტილებებიდან, - ამის შესახებ მოძრაობა „თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს’’ წევრმა ელენე ხოშტარიამ ევროსასამართლოში ქართველი მოსამართლეების წარდგენასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ელენე ხოშტარიას თქმით, სამწუხაროდ, ამ პროცესში საქართველო უკვე დაზარალდა, რადგან „უარის თქმა საქართველოს კანდიდატისთვის ეს ჩვენი პრესტიჟისა და დემოკრატიისთვის ძალიან სერიოზული ზიანია“.

„ეს მეტყველებს ჩვენს სასამართლო სისტემაზეც. შერჩეული კანდიდატი იყო ცალსახად პოლიტიზებული, არაკომპეტენტური და ერთადერთი ნიშნით - ბიძინა ივანიშვილის მიმართ ერთგულებით, შერჩეული. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა იმიტომ, რომ ჩვენი ხელისუფლება აღარ ერიდება უაზრო გადაწყვეტილებებს ქვეყნის გარეთაც კი. ქვეყნის შიგნით როგორ ნიშნავენ მოსამართლეებს, ეს უკვე ვიცით. ვიხილეთ მანანა კობახიძე როგორ დანიშნეს საკონსტიტუციო სასამართლოში, მაგრამ, როდესაც ამას აკეთებ ქვეყნის გარეთ მსგავს სერიოზულ ინსტიტუტებში, კიდევ უფრო დიდი ზიანია მთლიანად ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟისთვის. ჩვენი სასამართლო სისტემის მთავარი კრახი და პრობლემა არის პოლიტიკური ნება, რომ ჰქონდეთ დამორჩილებული სასამართლო. აქედან მომდინარეობს ყველა ჩვენი შიდა ინსტანციის მსხვრევა, საგარეო იმიჯის ზიანი და ამ შემთხვევაშიც ხელისუფლება არ ერიდება, რომ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება მიიღოს’’, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.