გიორგი კვირიკაშვილი ესტონეთის ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოში კაი კაარელსონს შეხვდა

გიორგი კვირიკაშვილი ესტონეთის ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოში კაი კაარელსონს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესტონეთის ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოში, კაი კაარელსონს შეხვდა. 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი საქართველო-ესტონეთის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებასა და მთელ რიგ სფეროებში ორი ქვეყნის წარმატებულ თანამშრომლობას შეეხო.

გიორგი კვირიკაშვილმა ესტონეთს, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო თანამშრომლობას საგანმანათლებლო და ეკონომიკური მიმართულებებით. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოში წარმატებით განხორციელდა რეფორმები, რომლებიც ესტონურ გამოცდილებას ეფუძნება, მათ შორის - საგადასახადო სისტემის ე.წ ესტონური მოდელი, რომელიც მხოლოდ განაწილებული მოგების დაბეგვრას გულისხმობს.

შეხვედრისას ასევე ისაუბრეს მთავრობის რეფორმების ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულების - მმართველობის რეფორმის შესახებ, რომელიც გამჭვირვალობის ზრდას და მთავრობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მაქსიმალურ ჩართულობას ითვალისწინებს.

„ელჩმა დადებითად შეაფასა ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები და აღნიშნა, რომ საქართველოს წარმატებული გამოცდილების გაზიარება ესტონეთისთვისაც საინტერესოა“, - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.