თურქეთთან სკანდალის ფონზე ჰოლანდიის პრემიერმა მარკ რუტემ და მისმა მოწინააღმდეგე გერტ ვილდერსმა არჩევნებში გამარჯვების შანსები გაზარდეს

თურქეთთან სკანდალის ფონზე ჰოლანდიის პრემიერმა მარკ რუტემ და მისმა მოწინააღმდეგე გერტ ვილდერსმა არჩევნებში გამარჯვების შანსები გაზარდეს

ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ და მისმა მოწინააღმდეგე გერტ ვილდერსმა საპარლამენტო არჩევნებში თავიანთი პარტიების გამარჯვების შანსები გაზარდეს, თურქეთთან სკანდალის ფონზე. 

აღნიშნულს კვლევითი ორგანიზაცია „მორის დე ჰონდის“ გამოკითხვა ცხადყოფს. 

„მორის დე ჰონდის“ გამოკითხვის შედეგების თანახმად, საპარლამენტო არჩევნების ლიდერად „სახალხო პარტია თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის“ რჩება, რომლის ლიდერი მოქმედი პრემიერ-მინისტრი მარკ რუტეა. მმართველ პარტიას გამოკითხულთა 18% აძლევს ხმას. ეს კი ნიშნავს, რომ მარკ რუტეს პარტია პარლამენტში 150 ადგილიდან 27 მანდატს მიიღებს.

გამოკითხვა ასევე აჩვენებს, რომ უკიდურესად მემარჯვენე „თავისუფლების პარტიას“, რომლის ლიდერი გერტ ვილდერსია, მხარს უჭერს რესპონდენტთა 16%; ეს კი ნიშნავს, რომ პარტიას პარლამენტში 24 ადგილი ექნება. 

ჰოლანდიაში საპარლამენტო არჩევნები ხვალ, 15 მარტს გაიმართება.

ნიდერლანდების ხელისუფლებამ 11 მარტს, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს როტერდამში შესვლის ნებართვა გაუუქმა, ხოლო შემდგომ თურქეთის ოჯახის საქმეების მინისტრს საშუალება არ მისცა როტერდამში თურქეთის საკონსულოს შენობაში შესულიყო.