პრეზიდენტი დღეს ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით პარლამენტის ოპოზიციური ფრაქციების - ”ევროპული საქართველოსა” და ”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებს შეხვდება.
როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ განაცხადა, პრეზიდენტმა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით შეხვედრა და კონსულტაციების გამართვა ყველა საპარლამენტო ფრაქციას შესთავაზა, რომელსაც ამ ეტაპზე, მხოლოდ ეს ორი ფრაქცია გამოეხმაურა.
”სამწუხაროდ, ჯერჯერობით ოფიციალური პასუხი უმრავლესობიდან არ მიგვიღია, თუმცა მივიღეთ გამოხმაურება ”ევროპული საქართველოდან” და ”ნაციონალური მოძრაობიდან”. დღეს პრეზიდენტი ამ ფრაქციების წარმომადგენლებს შეხვდება. მოვისმენთ მათ შეხედულებებს კანონთან დაკავშირებით. გავაცნობთ ჩვენს მოსაზრებებს და ვიფიქრებთ მომავალ ნაბიჯებთან დაკავშირებით”, - განაცხადა ანა დოლიძემ.
პარლამენტმა ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული კანონი ცოტა ხნის წინ მიიღო, 6 მარტს კი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაუგზავნა. გიორგი მარგველაშვილს გადაწყვეტილების მისაღებად - დაადოს ვეტო კანონს თუ მას ხელი მოაწეროს, 10 დღიანი ვადა აქვს.